გენდერულ ინდექსში საქართველო 21 ადგილით ჩამოქვეითდა
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) გენდერული სხვაობის ინდექსში საქართველოს პოზიცია 21 ადგილით გაუარესდა.
2023 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველომ 146 ქვეყანას შორის 55-ე ადგილიდან 76-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველო რეგიონულ დონეზე მე-6 ადგილს იკავებს. მას უსწრებს მოლდოვა, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი და უკრაინა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ინდექსში 6 ადგილით ჩამოქვეითდა 2022 წელს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული სხვაობის ინდექსი ყოველწლიური კვლევაა, რომელიც 2006 წლიდან დღემდე, გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელს მსოფლიოს 146 ქვეყანაში იკვლევს. რეიტინგი 4 კრიტერიუმის მიხედვით დგება: ჯანმრთელობა, ეკონომიკა, განათლება და პოლიტიკა.
ახალი ანგარიშის თანახმად, ქალების სამუშაო ძალაში ჩართულობის კუთხით, საქართველო 83-ე ადგილზეა. რაც შეეხება გენდერულ ჭრილში ანაზღაურებას, ამ კრიტერიუმით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 116-ე ადგილზეა და მამაკაცის ანაზღაურება ქალისას, გასული წლის მსგავსად, ორჯერ აღემატება. უცვლელია მენეჯერულ პოზიციებზე გადანაწილებაც, შესაბამისად, ქალებზე 36% მოდის, მამაკაცებზე კი 64%.
ქვეყნის პოზიცია სულ რაღაც 1 ადგილით გაუმჯობესდა განათლების დონის რეიტინგში და მსოფლიო მასშტაბით 28-ე ადგილი დაიკავა. ეს კრიტერიუმი ერთადერთია, სადაც საქართველოს გენდერული უთანასწორობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ქალების 99%-ზე მეტი დაწყებით და საშუალო განათლებას იღებს, უმაღლეს საფეხურზე კი ქალების 78%, ხოლო კაცების 66% აგრძელებს სწავლას.
პოლიტიკური ჩართულობის კუთხით ევრაზიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი სხვა რეგიონებს ჩამორჩება. რეგიონში 10-დან 5 ქვეყნის პარლამენტში ქალების წარმომადგენლობა 25%-ზე მეტია. მართალია, რეგიონის მასშტაბით საქართველოს მდგომარეობა ბოლო 50 წლის განმავლობაში, ქალი პრეზიდენტის პრეცედენტის გამო, გაუმჯობესებულია, თუმცა გლობალურად ამ კრიტერიუმში 91-ე ადგილს იკავებს. წლევანდელი მონაცემებით, პარლამენტში ქალების პროცენტული წილი 18.4%-ია. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, ქალების რაოდენობამ 36%-დან 16%-მდე შემცირდა.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, მკვეთრი გაუმჯობესება აქვს სომხეთს, რომელმაც 89-ე ადგილიდან 61-ზე გადაინაცვლა. აზერბაიჯანმა პოზიცია 4 ადგილით გაიუმჯობესა და 97-ე ადგილზე მოხვდა, ხოლო თურქეთი 124-ე პოზიციიდან 129-ზე ჩამოქვეითდა. გასული წლის მსგავსად, ანგარიშში რუსეთის მონაცემები არ არის ასახული.