“კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”-გამარჯვებული მოსწავლის ესე
“კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” თემაზე გამოცხადებული ესეების კონკურსში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ტეფნაძემ გაიმარჯვა.
მარიამ ტეფნაძე -,,ბუნება მბრძანებელია”
„ვიწრო მიმოხვეულ გზას, რომ ჩავამთავრებ და ალაზნის ფართოდ გაშლილ ველს მისწვდება მზერა, გულს სისხლი უკვე სხვაგვარად მიეწოდება. სახლში ვარ. ჩემს მდიდარსა და ბარაქიან მხარეში. კახეთო საქართველოს ბეღელო. ახლად დახნულ გზის პირს გადავყურებ და შავ ნოყიერ მიწას სიამაყით ვიყნოსავ. “შენი მხარე უნდა გიყვარდეს ბაბუ.”
როგორც კი მიწას შევეხები მონოტორულად ჩამესმის ბაბუაჩემის ნაანდერძევი სიტყვები. მიყვარს და უფრო მეტიც გულით ვატარებ. სადაც არუნდა წავიდე ყოველთვის უკან მაბრუნებს. სხვაგვარად როგორ იქნება? ადამიანს ხომ ბავშვობა აქცევს იმად, რაც სიცოცხლის ბოლომდე უნდა იყოს. ხოდა ჩემი ბავშობაც ესაა. ბაბუაჩემის ხელით გაშენებული ვენახის დაუმთავრებელი პლანები და თავად ის კაცი, რომელსაც თვით ბუნების ენა ესმოდა და კაცი რომლისგანაც სამშობლო მიწის სიყვარული ანდერძით მერგო. “ყური დაუგდე ბაბუ. ქვა რომ ქვა არის ისიც კი ცოცხალია და მოფრთხილება უნდა. კაცი, რომ ხეს დარგავს, მდინარეს, რომ ნაგავს არ გააყოლებს, ფურთხითა და მოუნელებელი შხამქიმიკატებით არ ამოუვსებს გულს დედამიწას, ვენახს რომ დარგავს და ახარებს, იცოდე ის კაცი თავისას კიარა საქვეყნო საქმეს ჩადის. საქვეყნო საქმის კეთება არ არის მარტივი, მაგრამ შენი ეზოდან რომ დაიწყებ მეზობელი წაქეზდება, მასზედ კიდევ მისი მეზობელი და ქვეყანაც დამშვენდება”
არაფრით გამორჩეული კაცი იყო ბაბუაჩემი. ერთ მეტად ჩვეულებრივ სახლში ცხოვრობდა სოფლის განაპირა. ისიც სხვა სოფლის კაცებივით მზეს ასწრებდა გაღვიძებას და მის პირველ სხივს შარაზე, მხარზე თოხგადებული ეგებებოდა. მიჭირდა,მაგრამ ყოველთვის, როცა სოფლად მოვხვდებოდი მხარდახარ მივუყვებოდი, მეც შარას და ბაბუს ნაანდერძევ ისტორიებს საგულდაგულოდ ვიმახსოვრებდი იმ დროისთვის, როდესაც მეც ბაბუსავით არაფრით გამორჩეული კაცი გავხდებოდი და ატიტინებულ შვილიშვილს ვუანდერძებდი თავისი შვილიშვილისათვის საანდერძოდ.
იმ დილასაც ჭიშკარში წამოვეწიე. წამოვალ ბაბუთქოო. არაო იუარა და მოღრუბლულ ცას გახედა. ამინდი მართლაც ავისმომასწავლებლად მოღუშულიყო. შემოდგუმის, ჯერ კიდევ მზის სითბოშემონახული დილა თენდებოდა, მაგრამ ღრუბელთა სიმძიმეს ცა თითქოს მიწამდე დაეწია. წამოვალმეთქი გავუმეორე ჯიუტად და უკან გავყევი. ჭექაქუხილი წამოგვეწია. შემეშინდა და ყურებზე ხელი ავიფარე. ბაბუმ ხელი ჩამკიდა და ნაბიჯებს უმატა. რაცუფრო წინ მივდიოდით ქუხილი მით მეტად მატულობდა, ბაბუკი ჯიუტად გარბოდა თავისი ვენახისაკენ.
-სეტყვას წამოყრის. თქვა მან და თავზე ხელი მომაფარა.
-მაშინ სახლში რატომ არ ვბრუნდებით? ვიკითხე შეშინებულმა და თან მსხვილ წვიმის წვეთებს ხელი გავუავირე.
-მეცოდება ის ოხერი დასაღუპავად.თქვა და ამოიოხრა.
-ვინ? ვინ? ბაბუ ვკითხე საზარელი ისტორიის მოსმენის მოლოდინში.
-სავსე მტევნები ერთკვირაში მწიფობაში შევა შვილო. ცოდო არაა სეტყვამ მოუსწროს?
-შენ გადაარჩენ?
-აბა მე რა შემიძლია ღრუბელს ხომ ვერ გადავყრი ციდან?
-მაშ რატომ ვჩქარობთ ასე?
-წამოდი ბაბუ წამოდი სხვათუ არაფერი ამოვიოხროთ მაინც.
ვენახის თავში დიდი კაკლის ხე იდგა. ბაბუს იმ ხის ძირას პატარა ქოხი ჰქონდა მოწყობილი. ოთხფეხზე შემდგარ ფანჩატურსა და ხის ტოტებს შევაფარეთ თავი. კარგ ამინდში აქედან მთელი სოფლის ვენახი ხელის გულივით ჩანდა ახლა კი ბაბუს უბიდან მხოლოდ მიწაზე გაგორებულ ციდან ჩამოყრილ ყინულის ბურთებს ვხედავდი და ბაბუს სხვანაირი გულისცემა მესმოდა. უცებ ატეხა ამინდმა ვაი ვიშვიში, უცბადვე გადაურბინა, მთელს მინდორ ველებს შავმთეთრმა ავდარმა და უცბადვე იცვალა პირი. პირველად ვნახე ასე ერთ წამში ამინდის ცვალებადობა. ბაბუმ ხელი მიშვა თუ არა გავხედე შორეულ ჰორიზონტს. მის ბოლოს დიდი კაშკაშა ცისარტყელა დაშვებულიყო. ღრუბლებს ფერი ეცვალათ და თითქოს სადღაც მიიჩქაროდენ.
-ბაბუ რაიყო ეს? აღფრთოვანებული დავხტი მიწაზე და ყინულის ბურთებს დავუწყე მოგროვება. თუმცა თავდახრილი ბაბუაჩემი იმდენად სევდიანი ჩანდა გული მომეწურა. გეწყინა ბაბუ?
-მაშ… თქვა და მძიმედ ამოიოხრა.
-არაუშავს მომავალ წელსაც ხომ მოისხავს? ვცადე მენუგეშებინა.
-მოისხავს მაშ… დამეთანხმა, მაგრამ ხასიათი არ გამოკეთებია.
-მაშინ რატომ ხარ მოწყენილი? სწრაფადვე შევუბრუნე კითხვა.
-“ბუნება მბრძანებელია,
იგივ მონაა თავისა,
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,
ზოგჯერ მქნელია ავისა” ჩაიბურტყუნა ვაჟას სიტყვები და პირჯვარი გადაისახა.
აი ხომ ხედავ რა ძალა აქვს ამ დალოცვილს? თითით ცისაკენ მიმანიშნა. ერთ წუთში ნაცრტუტად შეუძლია აქციოს ის რასაც ჩვენ ადამიანები ათასეული წლობით ვქმნიდით. ნურასოდეს შეწყვეტ მასთან საუბარს. მოუფრთხილდი და იცოდე, რომ ეს არ ყოფილა მისი ყველაზე მკაცრი სახე. ხელები დაიკაპიწა, ვენახის კვალს ჩაუდგა და სიმღერ სიმღერით დაუწყო ვაზს ფერება. ცოტახანს ვიდექი და ვუყურებდი, როგორც დედა შვილს გადატყავებულ მუხლის თავებზე სულის ბერვით ეალერსება, სწორედ ისე ეალერსებოდა ბაბუაჩემი თავის მწიფობაში არ შესულ, დასეტყვილ ვენახს, რომელიც ქარბუქ გამოვლილი, თმააჩეჩილი პატარძალივით იდგა ცისარტყელის კამარის ქვეშ გარინდული.
იმ წელს ბაბუს მარანში ყურძენი არ დაწურულა. იმ წელს მეზობელი სოფლიდან მოტანილი ღვინით შესვეს ბაბუაჩემის შესანდობარი. „ – წერს მარიამ ტეფნაძე