ლაგოდეხში ესპანური ჯიშის საზამთროს 70 ტონა მოსავალს ელოდებიან
კომპანია GDB-ის პარტნიორმა, ფერმერმა ივა ჭყონიამ კახეთში, ლაგოდეხში, სუბტროპიკულ ზონაში საზამთროს წარმოება მეორე წელია დაიწყო.
ესაა ესპანური „სანდისიმას“ (sandissima) რამდენიმე სახეობა, რომელიც განსაკუთრებული გემოს მქონე, მცირე ზომის (portion size), თხელკანიანი, უკურკო პროდუქტია.
როგორც ივა ჭყონიამ Business Insider Georgia-თან თქვა, საზამთრო ორ ჰექტარზე აქვთ გაშენებული და პირველი სატესტო წელი წარმატებული აღმოჩნდა.
„საქართველოში, პარტნიორთან – Rijk Zwaan-თან ერთად, პირველებმა დავიწყეთ ესპანური ჯიშის “სანდისიმას” ჯიშების მოყვანა. ესენია ამალტეა (შავი, თხელი კანით), კონგიტა (შავი, portion size), მორგანი (მოგრძო ზომის), ვანიკაი (უკურკო). ეს არის პორციული ზომის საზამთრო 2-დან 4-კილომდე, რომელსაც ექნება ინდივიდუალური შეფუთვა და სამარკო ნიშანი“, – ამბობს ივა ჭყონია.
კომპანია GDB-ი დაახლოებით პორციული საზამთროს 70 ტონა მოსავალს ელოდება. მისივე თქმით, კომპანიას საზამთროს გაყიდვის პრობლემა არ ექნება. ჭყონია ამბობს, რომ მათი კონკურენტები ადგილობრივი ფერმერები არიან, თუმცა ბაზრის მოცულობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველას აქვს თავისი ნიშა. პორციული საზამთროს გასაყიდი ღირებულება ბაზარზე სავარაუდოდ, 2.50 ლარიდან 3 ლარამდე იქნება