დეოლიგარქიზაციაზე EU-ს შეფასებები საქართველოსთვის მკაფიო სამოქმედო გეგმას ქმნის – დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საქართველოს მიერ EU-ს 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით.
კელი დეგნანის მიხედვით, ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები როგორც დეოლიგარქიზაციის კანონთან, ასევე საერთო სასამართლოების კანონთან დაკავშირებით ქმნის მკაფიო სამოქმედო გეგმას ქვეყნისთვის.
“დარწმუნებული ვარ, რომ ევროკომისია ფრთხილად შეაფასებს გაწეულ სამუშაოს თუ რა პროგრესი იქნა მიღწეული 12 რეკომენდაციის მიმართულებით. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ვენეციის კომისიამ გამოსცა მოსაზრებები როგორც საერთო სასამართლოების კანონში შესატან ცვლილებებზე, ასევე დეოლიგარქიზაციის კანონზე ქმნის საკმაოდ მკაფიო გზამკვლევს, იმის თაობაზე თუ რა არის საჭირო ამ მოლოდინების შესასრულებლად. ვფიქრობ, მათ მიერ გაცემული შეფასებები აჩვენებს, თუ რამდენად არის დაინტერესებული ევროკავშირი იხილოს საქართველოს წარმატება ამ პროცესში. ეს არის ძალიან მკაფიო ინსტრუქცია საჭირო ნაბიჯების შესახებ. და, თუ პარლამენტი ამ ნაბიჯებს გადადგამს, ეს კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს იმასთან, რისი ხილვაც გვსურს, ეს დეკემბერში ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური შეფასების მიღებაა,”- განაცხადა კელი დეგნანმა.
ევროკომისია აზუსტებს, რომ საქართველოს მოეთხოვება დეოლიგარქიზაცია განახორციელოს: ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაჭარბებული პირადი ინტერესების და გავლენის აღმოფხვრის გზით. ამასთან, ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ ყველა ნაბიჯი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულ შესრულებას საჭიროებს.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წლის ივნისში ევროკომისიამ საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია წარუდგინა. 12 პუნქტში ერთ-ერთი პრიორიტეტი დეოლიგარქიზაციაა.