როდემდე გაგრძელდება კახეთში უამინდობა და რა საფრთხეს უქმნის უხვი ნალექი სოფლის მეურნეობას
წვიმა, სეტყვა, ქარიშხალი, წყალდიდობა- ბოლო ორი თვეა კახეთში უამინდობაა და ყოველდღიურად წვიმს, რაც ზიანს აყენებს როგორც გარემოს, ასევე ინფრასტრუქტურას და სოფლის მეურნეობას.
გადაუღებელმა წვიმებმა რეგიონის მუნიციპალიტეტები დააზარალა. ლაგოდეხში, გურჯაანში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, ყვარელსა და გურჯაანში დაიტბორა შიდა საუბნო და ცენტრალური გზები, დაზიანდა გზებზე არსებული ინფრასტრუქტურა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ქარმა კი სახლებს სახურავები გადახადა. განსაკუთრებით რთული სიტუაცია 15 ივნისს გურჯაანში შეიქმნა. უხვი ნალექის გამო, ე.წ. ,,ნავთისხევი” ადიდდა და ნაპირიდან გადმოვიდა. ღვარცოფმა დააზიანა მანქანები, გზები, დატბორა სახლები და მოსახლეობა მნიშვნელოვნად აზარალა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ამინდის გრძელვადიანი განყოფილების უფროსი სპეციალისტი თამარ პაპაშვილი განმარტავს, რომ ნალექიანი ამინდი მომდევნო კვირაშიც შენარჩუნდება, თუმცა წვიმის რაოდენობა შემცირდება.
თამარ პაპაშვილის თქმით, კახეთის რეგიონში განსაკუთრებით ნალექიანი მაისის და ივნისის თვეა. მისივე განმარტებით, გასულ წელთან შედარებით წელს ნალექის რაოდენობა მეტია.
,,23 ივნისამდე როგორც მთლიანად საქართველოში, ასევე კახეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, თუმცა წვიმის ინტენსივობა შემცირდება. ძლიერ ნალექს აღარ ველოდებით 23 ივნისამდე. 22 ივნისს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია წვიმა. 24 ივნისიდან კი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის კახეთშიც გამოიდარებს. მცირე ნალექი შესაძლებელია შენარჩუნდეს მთიან რეგიონებში, ვთქვათ გომბორის ქედზეც. 25 და 26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდს ველოდებით. 27 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაფუჭდება ჯერ დასავლეთ საქართველოში, 28 და 29 -ში კი აღმოსავლეთ საქართველოში და კვლავ უნდა ველოდოთ ნალექს”,– აცხადებს თამარ პაპაშვილი knews.ge- სთან საუბრისას.
მისი თქმით, მაისის და ივნისის თვე კახეთის რეგიონში ყველაზე ნალექიანი პერიოდია. თამარ პაპაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ წელს ნორმაზე მეტი ნალექი მოვიდა, რაც არ არის საგანგაშო მაჩვენებელი.
,,წინა წელსაც ჩვენ ასეთი ნალექიანი ივნისი გვქონდა და მაისიც გამოირჩეოდა ნალექიან დღეთა სიხშირით.
მრავალწლიური ნორმის მიხედვით, 10 -დან 13 დღემდე არის ივნისში აღმოსავლეთ საქართველოს ბარში წვიმიან დღეთა რაოდენობა. წელს ივნისის თვეში ნორმაზე მეტი ნალექი მოვიდა ანუ ნალექიან დღეთა რაოდენობამ ნორმას გადააჭარბა. ეს არ არის კატასტროფა, მაგრამ მომატებულია.
ჩვენ ველოდით ასეთ ამინდებს. ივნისის თვის პროგნოზშიც გათვალისწინებული იყო ის რომ ნალექების რაოდენობას ველოდებოდით ნორმაზე მეტს. აღსანიშნავია, რომ მაისის და ივნისის თვე კახეთისთვის ნალექებისა და სეტყვის მაქსიმუმით ხასიათდება. ყველაზე დიდი ნალექი რაოდენორივად, აღმოსავლეთ საქართველოში ამ თვეებზე მოდის ძირითადად”,- განუცხადა knews.ge-ს თამარ პაპაშვილმა.
ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირინე ფხოველიშვილი განმარტავს, რომ უხვმა ნალექმა სოფლის მეურნეობას პრობლემები შეუქმნა. მისივე თქმით, ხშირი წვიმების გამო ვერ ხდება მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღება. ასევე ზიანდება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურები. გარდა ამისა, ხშირი წვიმები და შემდეგ მწველი მზის სითბო, ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადებების გავრცელებას.
,,ყველა კულტურას აზიანებს ხშირი წვიმები. ახლა მარცვლოვანი კულტურების აღების პროცესია და წვიმების გამო კომბაინები ადგილებში ვერ შედიან. ასევე გახშირებულია სეტყვაც და ძალიან ბევრი ფერმერი დარჩა უკვე მოსავლის გარეშე.
ანალოგიური სიტუაციაა მებოსტნეობაში. წყალმოვარდნები პირველრიგში სპობს ერთწლიან კულტურებს. ვენახებისთვისაც ძალიან რთული სიტუაციაა, ეს აფერხებს ვაზის ვეგეტაციურ განვითარებას და წვიმის შემდეგ ძლიერი მზე ჭრაქის დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს. მდგომარეობა ზოგადად ძალიან ცუდია. მეცხოველეობასაც კი ეხება იმით, რომ ახლა არის ბალახის დაგროვების პერიოდი. ამ დროისთვის ვერ ხდება ბალახის დაგროვება და პრესის გაკეთება იმიტომ, რომ ყოველ საღამოს წვიმს და აფუჭებს ნამჯას”,- განუცხადა knews.ge-ს ირინე ფხოველიშვილმა.