ახალი საარჩევნო სისტემის უპირატესობები და გამოწვევები
2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.
ახალი საარჩევნო სისტემა გულისხმობს ამომრჩეველთა ელექტრონულ რეგისტრაციას, ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურას, შესაბამისი აპარატურის გამოყენებით და, ამ აპარატურის მიერ ხმის დათვლასა და შემაჯამებელი ოქმის წარმოდგენას. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიას (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე Knews.ge-სთან განმარტავს, რომ იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ელექტრონული მთვლელი და მარეგისტრირებელი აპარატურა არ იქნება განთავსებული, ხმის დათვლა იწარმოებს ჩვეულებრივი წესით, თუმცა, თითოეული ბიულეტენი გაციფრულებას დაექვემდებარება.
ელექტრონული საარჩევნო სისტემა გულისხმობს საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციასა და იდენტიფიცირებას, ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს, რაც ელექტრონული საშუალებებით განხორციელდება.
,,საკმაოდ დიდი ცვლილება განხორციელდა. ელექტრონული ტექნოლოგიებით ხმის მიცემა გულისხმობს 2 ტიპის ტექნოლოგიის დანერგვას საარჩევნო პროცესში. ეს არის ამომრჩევლის ვერიფიკაციის ნაწილი, რაც გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლის ვერიფიკაცია აღარ მოხდება სამაგიდო სიით და, მეორე, ფურცლის კვალი მაინც რჩება და რადგან ეს არ არის სრულად ელექტრონული არჩევნები, ამომრჩეველი სკანერის მეშვეობით მოათავსებს ბიულეტენს საარჩევნო ურნაში და შემდეგ სკანერი დაითვლის. როდესაც ხმის მიცემა დასრულდება, აპარატიდან ამოვა უკვე დათვლილი ხმები. ამის შემდეგ, მოხდება ბიულეტენების ხელით გადათვლა, რადგან უნდა გადამოწმდეს_ მონაცემები რასაც სკანერი მოგვცემს რამდენად რეალისტურია.
ელექტრონული საარჩევნო სისტემის მთავარ გამოწვევად ნინო დოლიძე ორ საკითხს გამოყოფს, ესენია კომისიის წევრების მიერ ტექნიკური საკითხების ცოდნა და ამომრჩევლის ინფორმირება.
,,გამოწვევად რჩება ხმის მიცემის ფარულობა, ტექნიკური ცოდნა კომისიის წევრების და ამომრჩევლის ინფორმირება, რომელზეც არჩევნებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ და სახელმწიფომ უნდა იმუშაოს. ცვლილებებმა ამომრჩეველში კითხვები არ უნდა გააჩინოს“.
ინტერვიუ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელ დირექტორთან ნინო დოლიძესთან.
ვრცლად საარჩევნო რეფორმასა და გამოწვევებზე იხილეთ ლინქზე: https://knews.ge/?p=86549