ახალი ამბები

რა სჭირს სკოლას? ექვსი მთავარი პრობლემა საქართველოს სასკოლო განათლებაში

გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) კვლევის მიხედვით, სკოლაში მყოფი ბავშვების თითქმის 80%-ის მშობლები/ოჯახის წევრები კმაყოფილნი არიან სკოლის მიერ მიცემული განათლების ხარისხით. ამავდროულად, ამავე ასაკის ბავშვების თითქმის 19%-ს ჰყავს კერძო მასწავლებელი და ამდენივე პროცენტს აქვს ამის სურვილი, თუმცა ფინანსების ნაკლებობის გამო ვერ ახერხებს — ეს მიზეზი დასახელდა 87%-ის მიერ.

იმის გათვალისწინებით, რომ სკოლების მიმართ უკმაყოფილება ხშირად გვესმის, კვლევის ეს შედეგები ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. დოკუმენტში არ არის მოცემული მიზეზები, რა იწვევს მშობლების კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას განათლების ხარისხით.

JAMnews ესაუბრა განათლების სფეროს სპეციალისტებს, ექსპერტებს, რომლებმაც საქართველოში სასკოლო განათლების მთავარი ხარვეზები ჩამოგვითვალეს.

პრობლემები გვარდება ძალიან ნელა განათლების ექსპერტის, სიმონ ჯანაშიას აზრით, სასკოლო განათლების და სკოლის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი არის ის, რომ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც წარმოიშობა ამ სფეროში – დიდი თუ პატარა, გვარდება ძალიან ნელა.

“სასკოლო სისტემა და სკოლები, როგორც ორგანიზაციები ძალიან ნელა ვითარდება. თვისებრივად არ იცვლება არც სასწავლო პროცესი, არც მართვის პრინციპები, მარტივი პრობლემების გადაჭრას სისტემა უნდება წლები. თუ არ დაჩქარდა სისტემის განვითარება, ამ პრობლემების მოგვარებას მოვუნდებით საუკუნეები,” – აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.

მისი თქმით, არსებობს გარკვეული რეგულაციები, რომლებიც ხელს უშლის სკოლას განვითარებაში.

“მაგალითად, ავიღოთ, შესყიდვების სისტემა. ძალიან ხანგრძლივი პროცესია საჭირო იმისთვის, რომ მარტივი ტექნიკური პრობლემა გადაიჭრას, ვთქვათ, იყიდონ ქაღალდი, პრინტერის კარტრიჯი და ა.შ.,” – ამბობს ის.

სიმონ ჯანაშიას თქმით, აღნიშნულ პრობლემას აღიარებს ყველა, მათ შორის, გადაწყვეტილების მიმღები პირები. თუმცა, ამბობენ, რომ არ იციან გზა, როგორ გადაჭრან.

“არსებობს რეგულაცია მერხის და სკამის ზომაზე, მაგრამ რა ხდება მაშინ თუ, ვთქვათ, ბავშვი მაღალია? — ჩემს შვილს ჰქონდა ეს პრობლემა. როცა ეუბნები, რომ სხვა სკამზე უფრო მოხერხებულად იჯდება მაღალი ბავშვი, გპასუხობენ, რომ მართალი ხარ, მაგრამ როცა სთავაზობ, მოდი, შევცვალოთ სკამი, მერე იწყება ბიუროკრატიული გამართლებების მოძებნა – სკოლა ამბობს, რომ ავტორიზების სტანდარტით, დაწყებით საფეხურზე განსაზღვრულია მერხის ზომა, რომელსაც სახელმწიფო მერე ამოწმებს და ბავშვს სხვა სკამთან ვერ დასვამენ.”

ცენტრალიზებული მართვა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბიუროკრატიული ბარიერებიც და ყველა სხვა პრობლემაც გამომდინარეობს იქედან, რომ სკოლები და სასკოლო განათლება ცენტრალიზებულად იმართება.

განათლების ექსპერტის, თამარ მოსიაშვილის თქმით, განათლების პოლიტიკა ზერეგულირებულია და ამ რეგულაციების მოფიქრებისა და შემოწმების პროცესისთვის განკუთვნილი ფულით საზრდოობს მმართველი ძალა და მმართველ ძალას დაქვემდებარებული ბიუროკრატია.

წყარო: jam-news.net

 

იხილეთ ვრცლად მასალა:

 

რა სჭირს სკოლას? ექვსი მთავარი პრობლემა საქართველოს სასკოლო განათლებაში