„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ მონაცემების წარდგენის წესი შეიცვალა
,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.
ცვლილებები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის წარდგენის წესებს უკავშირდება. 20 სექტემბერს გამოცემულ ბრძანებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აწერს ხელს.
საკანონმდებლო მაცნეზე არსებული მონაცემების თანახმად, იუსტიციის სამინისტრო რეგისტრაციისას აღარ ითხოვს თანხის მიმღები პირის პირადი ნომრისა და საბანკო ინსტიტუტის წარდგენას.
წესებში უცვლელი რჩება თანხის მიმღები პირის სახელისა და გვარის წარდგენა, სამართლებრივი ფორმა, ხარჯის გამწევის საბანკო მონაცემები, საფინანსო ინსტიტუტი, გაწეული ხარჯის მოცულობა, მიზნობრიობა და ა.შ.
აღსანიშნავია ისიც, რომ მონაცემების წარდგენის წესში ცვლილება შევიდა მაშინ, როცა ორგანიზაციებისთვის საკუთარი ნებით სარეგისტრაციო მიმართვის ვადა ამოწურულია.
შეგახსენებთ, პარლამენტმა საზოგადოებრივი პროტესტისა და პარტნიორების მოწოდების მიუხედავად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. კანონს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 28 მაისს დაძლია.
კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრი შექმნა. რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო იყო ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციისთვის, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა.