2008 წლის ომისა და ქართველების მასობრივი დეპორტაციისთვის რუსეთს €154 მლნ-ის კომპენსაცია ეკისრება
2006-2007 წლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრების, მასობრივი დეპორტაციისა და სხვა დარღვევებისთვის, ასევე 2008 წლის ომში ჩადენილი დარღვევებისთვის რუსეთისთვის დაკისრებული კომპენსაცია €154 მილიონს აღწევს, – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 და 2023 წლის გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 19 სექტემბერს იმსჯელა.
კერძოდ, პირველი საქმის განხილვისას სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს 1500-მდე დაზარალებული მოქალაქისთვის €10 მილიონის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რისთვისაც მოსკოვს ბოლო ვადად 2019 წლის 30 აპრილი განესაზღვრა. იმ ფონზე, რომ რუსეთის ფედერაციას დაკისრებული ჯარიმა, რომელსაც ვადაგადაცილების საურავიც ემატება, არ გადაუხდია – 2024 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით, ვალი €12 მილიონს აღემატება (12 503 972,60)
მეორე საქმის განხილვისას კი 2023 წლის 28 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას მომჩივანი სახელმწიფოსთვის (საქართველოსთვის) 3 თვის ვადაში €129 მილიონის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ვადის ამოწურვის შემდეგ, 28 ივლისიდან დღემდე, რუსეთს საქართველოსთვის დაკისრებული ჯარიმა არ გადაუხდია, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა, 17 სექტემბრის მდგომარეობით, €141 მილიონამდე გაიზარდა.
ორივე შემთხვევაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს შეასრულოს საერთაშორისო სამართლისა და კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გადაიხადოს ჯარიმები დარიცხულ საურავთან ერთად.
კომიტეტი ასევე შეთანხმდა, რომ ორივე შემთხვევაში საქმის განხილვა არაუგვიანეს 2025 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება