საპოლიციო მიდგომით ჯანდაცვაში 50 000-მდე დასაქმებულის ხელფასი შემცირდება – ოქრიაშვილი
ჯანდაცვისა და ფარმაციის ხარჯის 50-55%-მდე წარმოადგენს დარგში დასაქმებულების, ექიმების, ფარმაცევტების, ექთნების, ლაბორანტებისა და სხვა სამეურნეო პერსონალის ხელფასებს. ნებისმიერი საპოლიციო მიდგომით დაჯარიმებული ჯანდაცვის სუბიექტები იძულებულნი იქნებიან, ხელფასები შეუმცირონ იქ დასაქმებულ ადამიანებს – წერს სოციალურ ქსელში სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელი, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი,
როგორც ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, გაზრდილი ჯარიმების ფონზე, ჯანდაცვის სუბიექტები იძულებულები იქნებიან, ხელფასები შეამცირონ, რადგან ჯანდაცვისა და ფარმაციის მიმართულებით კომპანიების ხარჯების ნახევარზე მეტი სწორედ შრომის ანაზღაურებაზე მოდის.
„ჯანდაცვის სფეროში დანერგილი საპოლიციო რეჟიმის შესაძლო გამკაცრებასთან დაკავშირებით: ჯანდაცვისა და ფარმაციის ხარჯის 50-55%-მდე წარმოადგენს დარგში დასაქმებულების, ექიმების, ფარმაცევტების, ექთნების, ლაბორანტებისა და სხვა სამეურნეო პერსონალის ხელფასებს. ნებისმიერი საპოლიციო მიდგომით დაჯარიმებული ჯანდაცვის სუბიექტები იძულებულნი იქნებიან, ხელფასები შეუმცირონ იქ დასაქმებულ ადამიანებს.
იმ პირობებში, როცა ჯანდაცვის სფეროს ხარჯებს შორის პირველ ადგილზეა პერსონალის ხელფასი, მეორე ადგილზე – მედიკამენტები და ზოგადად, დარგი გამოირჩევა მოგების უმდაბლესი მაჩვენებლით, ამ კანონპროექტის მიღება იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჯარიმა აისახება სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის ხელფასებზე. ხელფასები არათუ გაიზრდება, არამედ შემცირდება კიდეც. მთლიანად დარგი იძულებული იქნება, სახელფასო ფონდის შემცირების ხარჯზე გადაიხადოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაკისრებული ჯარიმები. ეს სადამსჯელო კანონები პირდაპირ შეეხება ჯანდაცვის დარგში დასაქმებულ დაახლოებით 50 000 ადამიანს და მათ ხელფასებს!
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2024 წელს, ახალი, დემოკრატიული ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა ამ დარგში იქნება ხელფასების გაორმაგება, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისს გაცილებით უფრო ხარისხიანს გახდის!“,– წერს კახა ოქრიაშვილი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც სამინისტროს მაკონტროლებელი ფუნქციები ეზრდება. რეგულირების სააგენტო შეძლებს შემოწმების მიზნით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შევიდეს ყველა (კერძო თუ სახელმწიფო) კლინიკაში, რომელსაც მან მიანიჭა საქმიანობის ნებართვა ან ლიცენზია. ამასთან, უწყებას შეეძლება, თუ საჭიროდ ჩათვლის, მიიღოს ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ დაექვემდებარება აღსრულებას და გასაჩივრება არ გააჩერებს, თუ სასამართლომ სხვაგვარად არ დაადგინა. იზრდება საჯარიმო სანქციებიც.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი თავდაპირველად დაჩქარებული წესით განიხილავდა, თუმცა როგორც მიმდინარე კვირის დასაწყისში გახდა ცნობილი, პროექტის სტანდარტული წესით განხილვა გადაწყდა.