როგორია ბავშვზე ზრუნვის სისტემა საქართველოში
საქართველოში ბავშვების 38 პროცენტი განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს”, – წერია გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, “საქსტატის” მიერ ჩატარებულ კვლევაში საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ.
გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის და ეკონომიკის სპეციალისტი ქეთევან მელიქაძე Knews-სთან ამბობს, რომ გამოიკვლიეს ბავშვთა ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ დახმარებაზე; სკოლებში კვება, ბავშვების მატერიალური და სოციალური დანაკლისები, აღზრდის მეთოდები, ბავშვთა ფუნქციური სირთულეები.
,,გვინდა, რომ წამოვწიოთ ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები და სწორედ ამის გამო ჩავატარეთ ეს გამოკვლევა. მხოლოდ ის კი არ არის მნიშვენლოვანი თუ როგორ უჭირს ოჯახებს ფინანსურად, არამედ ისიც, რომ ის მწირი რესურსები რამდენად მიემართება ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. ბავშვთა სიღარიბის ფინანსური საზომი არ არის საკმარისი იმისათვის რომ ვილაპარაკოთ ბავშვის კეთილდღეობაზე. საინტერესოა, ბავშვი რას ღებულობს იმ განათლებიდან, რაზედაც აქვს ხელმისაწვდომობა, ან ჯანდაცვის სფეროდან, ასევე სოციალურ მომსახურებებზე და საერთოდ, ძალიან საინტერესოა როგორ ხდება ბავშვის აღზრდა ქვეყანაში, რა მეთოდებს ვიყენებთ, ესეც მისი კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომია”.
კვლევაში გამახვილებულია ყურადღება ბავშვთა კეთილდღეობისთვის საჭირო სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის კვებაზე, მატერიალურ და სოციალურ დანაკლისზე, ასევე აღზრდაზე.
ქეთევან მელიქაძე განმარტავს, რომ სასკოლო კვების საკითხი ქვეყანაში ისევ პრობლემაა. მისივე თქმით, საზოგადოებაში არსებობს სოციალური დაკვეთა რომ სკოლამ უზრუნველყოს ბავშვთა კვება. კითხვაზე, უნდა უზრუნველყოფდეს თუ არა სკოლა ბავშვს საკვებით, სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლების/ოჯახის წევრების 83.2% პასუხობს, რომ კი.
,,თემაზე ბევრი მსჯელობა და კრიტიკაა. იმისათვის, რომ დავხმარებოდით ხელისუფლებას, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამა განახორციელოს, შევისწავლეთ არსებული პრაქტიკა. გავზომეთ პრაქტიკა ბავშვის სასკოლო კვების, რაც გამომდინარეობდა იმ პოლიტიკური და სოციალური დაკვეთისაგან, რაც ქვეყანაში არსებობს. მთავარი ბარიერები, რატომაც არ იკვებებიან ბავშვები სკოლაში, არის საჭმლის არ არსებობა სკოლაში და მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, ფინანსური ხელმისაწვდომობა. საჭიროა, აწყობილი იყოს მიწოდების ჯაჭვი, რომ ბავშვმა იკვებოს ჯანსაღად”.
რაც შეეხება ბავშვის აღზრდას, კვლევის თანახმად, აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენება წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია. გოგონებთან შედარებით, ბიჭები უფრო მეტად ექვემდებარებიან აღზრდის ძალადობრივ მეთოდებს.
,,კვლევის შედეგებმა გამოკვეთა, თუ რა უთანასწორობა არსებობს ბავშვების სხვადასხვა ჯგუფს შორის, თუმცა, ყველაზე კრიტიკული ფაქტორი მატერიალური და სოციალური დანაკლისია”.
„გაეროს ბავშვთა ფონდის“ გამოკვლევის შედეგები 1279 რესპონდენტის გამოკითხვას ეყრდნობა.