მანსარდი- თელაველი ახალგაზრდას მიერ შექმნილი ტყავის ხელნაკეთი ნივთები
თელაველი ახალგაზრდა ქეთო ვახტანგიშვილი წლებია ტყავისგან სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს ქმნის. ის ფოტოალბომებს, დღიურებს და ჩანთებს საკუთარი დიზაინით ამზადებს და ონლაინ ყიდის.
ახალგაზრდა ამჟამად თბილისში ცხოვრობს და აღნიშნულ საქმიანობასაც ამ დროისთვის იქ ახორციელებს. ქეთო ამბობს, რომ საქმიანობა დაახლოებით 6 წლის წინ დაიწყო, თუმცა ინტერესი აღნიშნული საქმის მიმართ დიდი ხნის წინ ჰქონდა. ქეთი განმარტავს, რომ სწორედ ამ ინტერესის გამო შექმნა ბრენდი ,,მანსარდი”, რომელსაც დღეს ბევრი იცნობს.
,,მაქვს მცირე ბიზნესი, ვაწარმოებ ტყავის ხელნაკეთ ნივთებს, კერძოდ ფოტოალბომებს, დღიურებს და ჩანთებს. ამ ეტაპზე ვცხოვრობ თბილისში, ამ საქმიანობასაც აქ ვეწევი. ძალიან მიყვარდა წერა და ძველებური ნივთები. მინდოდა მქონოდა დღიური დაძველებული ფურცლებით. სწორედ ამიტომ ავირჩიე ტყავიც ძირითად მასალად, არის ხარისხიანი და უძლებს დროს.
ჩემი პირველი ნამუშევარი იყო ბლოკნოტი. რომელიც დავამზადე ჩემთვის, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა და მომინდა სხვებისთვისაც მიმეცა შესაძლებლობა ჰქონოდათ ვინტაჟური დღიური, რომელიც ხარისხიანთან ერთად იქნებოდა ხელმისაწვდომიც. პირველ ნამუშევრებს რამდენიმე საათის განმავლობაში ვამზადებდი, ახლა მაქსიმუმ 1 საათი მჭირდება, გააჩნია მოდელს.
ხარისხს რაც შეეხება, ვიყენებ უმაღლესი ხარისხის ნატურალურ ტყავს. ძირითადად თურქულ მასალას ვიყენებთ, თუმცა არის რამოდენიმე ქართული ტყავის საწარმო და მათთანაც ვთანამშრომლობთ’’,- განუცხადა knews.ge-ს ქეთო ვახტანგიშვილმა.
ახალგაზრდა ამბობს, რომ აღნიშნული საქმიანობა დიდ ენერგიას და დროს მოითხოვს, თუმცა მიუხედავად ამისა, ხელნაკეთი ნამუშევრების დამზადება მას სიამოვნებას ანიჭებს.
,,თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს საქმე არ იქნებოდა დროებითი, იმდენად დიდ სიამოვნებას ვიღებ ყოველდღიურად ჩემი საქმიანობიდან, რომ აღარც წარმომიდგენია ჩემი მომავალი ,,მანსარდის’’ გარეშე.
გაყიდვის ძირითადი არხი სოციალური ქსელებია. უფრო კონკრეტულად ფეისბუქი და ინსტაგრამი. მაქვს სახელოსნო-მაღაზია ტურისტულ ზონაში, სადაც მომხარებელს საშუალება აქვს ადგილზე მოვიდნენ და შეიძინონ ნივთი, ასევე დაესწრონ მზადების პროცესს.’’
ქეთო ამბობს, რომ მას ამ დროისთვის არ აქვს საჭირო მანქანა დანადგარები, რისი საშუალებითაც მეტი პროდუქტის რეალიზაციას შეძლებდა. ახალგაზრდა განმარტავს, რომ მოთხოვა მის მიერ დამზადებულ ნივთებზე მზარდია.
ახალგაზრდა სამომავლოდ ნამუშევრების ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.
,,მოთხოვნა დღემდე მიწოდებაზე მაღალია. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობ და დიდი იმედი მაქვს მალე აღმოვფხვრი ამ პრობლემას. აქტიურად ვიღებ გამოფენებში მონაწილეობას. რაც ხელს უწყობს ჩვენი ცნობადობის გაზრდას.
ამ ეტაპზე ჩემი გამოწვევაა საჭირო მანქანა-დანადგარების არ ქონა, რის საშუალებითაც შევძლებ გაცილებით მეტი პროდუქტის რეალიზებას. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობ ექსპორტზე, მოლაპარაკება მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყანასთან და იმედი მაქვს მალე შედგება პირველი შეთანხმება. ‘’