საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში გაიმართება.
დილიდან თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია შედგება. ფიცი მთელ საქართველოში, წელს პირველად, ერთდროულად 10 რეგიონსა და თბილისში დაიდება. წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მთავარი თემატიკაა: „თავისუფლების სიყვარულით“.
რუსთაველის გამზირზე მოეწყობა ღვინის სივრცე, სადაც გაიმართება სომელიეს მასტერკლასი, სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ქვევრის ღვინის მახასიათებლების გაცნობა. მუსიკალურ-თეატრალურ სივრცეში მოეწყობა კაფე რადიო, სადაც რუსთაველის გამზირიდან განხორციელდება პირდაპირი მაუწყებლობა სხვადასხვა გადაცემითა და მოწვეული სტუმრებით. გარდა ამისა, კაფე „ლიტერატურა“ სცენას დაუთმობს ახალგაზრდა მწერლებს, პოეტებსა და არტისტებს. ამასთან, მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები, კვების ზონა.
ქართული ავიაციის 100 წელთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავის ინტერაქტიული ინსტალაცია, ავიაციის კოსტუმების გამოფენა, წარმოდგენილი იქნება რეალური თვითმფრინავი, სადაც მოსულ სტუმრებს შეეძლებათ შესვლა და ფოტოების გადაღება. საქართველოს მასშტაბით საზეიმო ღონისძიებები 15 ქალაქში გაიმართება.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
საქართველოს დამოუკიდებლობას იმთავითვე მტრულად შეხვდა ბოლშევიკური რეჟიმი, რომლის მიზანს წარმოადგენდა რუსეთის ყოფილი იმპერიის აღდგენა. 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა.
1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. 1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.