ახალი ამბები

“ვინ ვარ?! სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილით შეპყრობილი ადამიანი“

იხილეთ წარმატებული ახალგაზრდის, გიორგი ბიბილაშვილის შესახებ მომზადებული ბლოგი.

ვინ ვარ?! სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილით შეპყრობილი ადამიანი. გიორგი ბიბილაშვილი-ადამიანი, რომელიც მშობლიურ სკოლას დაუბრუნდა. ვფიქრობ, არაფრით გამორჩეული 26 წლის ახალგაზრდა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენიდან.

სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. აფენის N2 საჯარო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გეოგრაფიის მიმართულებით. აქვე გავაგრძელე მაგისტრატურაც -100%-იანი გრანტით ,,ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება’’. სწავლა დავასრულე წითელ დიპლომზე. შემდეგ კვლავ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე და გავიარე მასწავლებლის მომზადების 60- კრედიტიანი პროგრამა. ეს იყო პირველი ნაბიჯები იმ საპასუხისმგებლო და აღმატებული მსხახურების გაზაზე, რომელსაც მასწავლებლობა ჰქვია.

2021 წლიდან სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. აფენის N2 საჯარო სკოლაში ვასწავლი: სამოქალაქო განათლებას, ჩვენ საქართველოს და მე და საზოგადოებას. არაფერი მახარებს იმ ფაქტზე მეტად, რომ მშობლიურ სკოლას დავუბრუნდი. გარდა სკოლისა, საქმიანობას შევუდექი თელავის პროფესიულ კოლეჯ ,,პრესტიჟში’, ჩემი საცხოვრებლიდან 85 კილომეტრით დაშორებულ დაწესებულებაში., მერწმუნეთ, ეს მშრალი რიცხვია და სრულებით არ ქმნის ბარიერს თუ გიყვარს შენი საქმე., მოსწავლე, სტუდენტი, ყოველთვის ყველაფრისთვის მზად ხარ! გასულ წელს ჩავაბარე წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა (52, წამყვანის ქულაზე), აქტიურად ვარ ჩართული არაფორმალურ განათლებაში, ( სკოლაში დავაარსე სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ლოგოსი’’ და ეკო კლუბი ,,17 მიზნის ელჩი’’, რომელთაც ვმეურვეობ). არაფორმალური განათლება ესაა გზა, მოსწავლეებმა განივითარონ უნარები, რომლებიც მათ ცხოვრებაში არა 20 ან 40 წლის მერე გამოადგებათ, არამედ აწმყოშიც.

განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა სიკეთის მოტანა მატერიალურადაც შეგიძლია შენი სკოლისთვის. გასული წლის მიწურულს ჩემი პროექტი ,, სასკოლო საზოგადოებისა და თემის მედეგობის გაძლიერება კლიმატის გლობალური ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების მიმართ” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული და UNDP- ის მიერ მხარდაჭერილი კონკურსის ,, ისწავლე უსაფრთხო გარემოში” გამარჯვებული გახდა. 1200 დოლარიანი გრანტი მოვიპოვეთ, რომლითაც სკოლის ტერიტორიაზე მეტეო-ლაბორატორიას მოვაწყობთ, სულ მალე.

ჩემთვის განსაკუთრებით საამაყო და ხაზგასასმელია, ჩემი მეოხებით, ჩვენი სკოლის თანამშრომლობა USAID- ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან, რომელიც დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს სკოლებს და მოსწავლეებს.ვცდილობთ, ბევრს ვცდილობთ და არ ვჩერდებით. მიზანმიმართულ მოძრაობას და შრომისმოყვარეობას ადრე თუ გვიან აუცილებლად მოაქვს შედეგი! ყველაფერი წინაა.

არ შემიძლია არ ვთქვა მადლობა ოჯახისა და ჩემი სკოლის მასწავლებლების მიმართ , შვილივით გაზრდილი, ტოლად და სწორად მიმიღეს და, აწ უკვე, ჩემი აღმზრდელების გვერდით მხარდამხარ ვემსახურებით ჩვენი სოფლის, თემის ახალგაზრდებს. მადლიერება ისაა, რაც არასდროს ნელდება ჩემში. მასწავლებლობაზე მეტს ვერც წოდებას და პატივს ვინატრებდი და ვერც უფრო დიდ პასუხისმგებლობას შევეჭიდებოდი.

მე მასწავლებელი ვარ -ადამიანი რომელიც მშობლიურ სკოლას დაუბრუნდა. მასწავლებლობა უხსოვარ დროს დაბადებული და მარადიული არსებობისთვის ,,განწირული’’ პროფესიაა. მასწავლებელი ეხიდებოდა თაობიდან თაობას ცოდნისა და უნარების გადაცემის გზაზე. ასე დაგროვდა და მოაღწია სიბძნებ და ყველა კეთილშობილებამ ჩვენამდე. აბა წარმოიდგინეთ რას ვგრძნობ, როცა ვიაზრებ, რომ ამ მარადიული მდინარის ერთი პატარა ნაკადული ვარ.

ბავშვის უპირობო სიყვარული, განვითარებისკენ, შემეცნებისკენ მუდმივი სწრაფვა და სამყაროს უკეთესობიკენ გარდაქმნის სურვილი, რაოდენ ამბიციურადაც არ უნდა ჟღერდეს, ის პოსტულატებია რაც უნდა იდოს მასწავლებელში, რამეთუ ჩვენ გვაქვს შანსი და უნარი ლოკალური ქმედებებით გლობალური ცვლილებები მოვიტანოთ. ესაა შანსი დატოვო კვალი ადამიანებში და არა მიწაზე, ესაა შანსი შეეხიდო მოსწავლეს მისი მომავლის შენებაში, ეს ის დიდი მსახურებაა, რომელიც გავსებს და გამოძრავებს. მასწავლებლობა კაცობრიობის არსებობის გარანტია, რამეთუ კაცობრიობა არსებობს და არსს იძენს კულტურით, იმ მატერიალური და სულიერი მონაპოვარით, რომელიც სწორედ აღზრდითა და განათლებით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მიმართულების მიმცემი და მეჩირაღდნე ამ დიდ საქმეში სწორედ მასწავლებელი იყო ყველა ეპოქაში, ყველა სოციალურ ფორმაციაში, ომსა თუ მშვიდობაში ის უნახავდა თაობებს არსებობისთვის საჭირო ცოდნას უნარებსა და ღირებულებებს.

ადამიანს ზოგადად თავის თავი და თავის განწყობა აბარია, მისი სიხარულით, ბედნიერებით, დარდითა და მწუხარებით, როცა სკოლაში შედიხარ ყველაფერი უკან უნდა დატოვო რათა სუფთა გულით, ღიმილიანი სახით და ამაღლებული განწყობით შეაბიჯო სკოლაში. იქ გელიან პიროვნებები, რომელთათვისაც უნდა აენთო! უშურველად გასცე სითბო, სიყვარული, ცოდნა.
მასწავლებელი არასდროს იღლება ისე, რომ ვერ შეძლოს ძალების მობილიზება. სასწავლო პროცესი, შედეგი, მოსწავლეთა სიყვარული უმალვე აღადგენს ბალანსს. მეტიც, მის სულისკვეთებას მითიურ ფენიქსს შევადარებდი, რომელსაც ფერფლიდან აღდგომა შეუძლია. უნიკალურია ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. ზემოთ თქმული დაღლილობის ალბათობას თავადვე აბალანსებს ეს პროცესი, რამეთუ მასწავლებელი, თუკი ცოდნისა და უნარების წყარო თავადაა, მოსწავლეებისთვის და იცლება, მეორესმხრივ, მოსწავლეებიდანაც მოედინება ზღვა ემოცია, რომელიც ხელახლა გვავსებს ძალითა და ენერგიით, ეს ხომ მუდმივიაა და არ შეიძლება დამთავრდეს.

თანამედროვე მასწავლებელი მოსწავლის თანადროული უნდა იყოს! ვცდილობ, პროცესებს მათი თვალით შევხედო. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გამონახოს რამოდენიმე წუთი მოსწავლის ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, იმ კითხვების, კონკრეტული დღის ემოციების, წყენის, სიხარულის გაზიარებისთვის, რომელიც აქვს მოსწავლეს. საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას ვცდილობ, სულ მცირე მიზეზი მაინც ვიპოვო, რომ მოსწავლე წავახალისო და შევაქო.

შექება, ნდობა და უპირობო სიყვარული ნამდვილად მუშაობს! უნიკალური და უნივერსალური მიდგომა მოსწავლეებთან სამუშაოდ, ვფიქრობ, არ არსებობს! ყველა მოსწავლე უნიკალური ინდივიდია. უნიკალური და თვითმყოფადი ხასიათით, მისიით, შესაძლებლობებითა და უნარებით, ამიტომაც, ჩემი მიზანიც და სტრატეგიაც სწორედ ამ განსხვავებულობის დანახვა და გათვალისწინებაა. როცა ხედავ შენი მოსწავლის პროგრესს, ინტერესებისა და მისწრაფებების გაღვიძების პროცესს, ამ დროს აცნობიერებ, რომ შენ გარჯას ამაოდ არ ჩაუვლია და ძალა გეძლევა გააკეთო მეტი. დათესო მათ აზრში და გონში მდოგვის მარცვლისოდენა სიყვარული. შესატყვის დროს, შესატყვის პირობებში, იგი უსათუოდ აღმოცენდება. დავეხმარო გამოუმუშავდეთ მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი. მცირე მარცვალი სარგო ნაყოფი გახდება მოსწავლის რეალიზების, აღიარების, თვითგამოხვის და წარმატების გზაზე. ყოველი დაძლეული კრისისი მაძლევს მოტივაციას და აძლიერებს პროცესს.

და ბოლოს, უპირველესად მოსწავლეების, ასევე, მშობლების და სხვა მასწავლებლების სიყვარული, პატივისცემა, რომელსაც უხვად ვგრძნობ, მაძლევს ენერგიას და მოტივაციას ვიყო მოსწავლესთან, მოსწავლეთათვის. არაფერი შეედრება განცდას, სკოლის ეზოში შესვლისთანავე ხედავდე ხელებგაშლილი ბავშვების ზღვას, რომლებიც უანგარო სიყვარულით მოძრაობენ შენკენ და ამოძრავებენ დედამიწას,! იმ ნდობას, რომელსაც შენს მიმართ გამოხატავენ.

ძვირფასო მოსწავლეებო, დაივიწყეთ ფრაზა ,,მე ამის ნიჭი არ მაქვს’’, თქვენ ხართ სამყაროს სახე და ხატი, თქვენში დევს კოლოსალური ენერგია და ნიჭიერება. მთავარია მიაგნოთ ამ ნიჭის და უნარის მიმართულებას, ისწავლოთ მისი წვრთნა. გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ისაუბრეთ თქვენს ინტერესებზე, თუ რაიმე არ გამოგდით არ ნიშნავს რომ უნიჭო ხართ, მთავარი თქვენი ძალისხმევაა. განსხვავებულობა არის ნორმა.

ვფიქრობ, მთავარი, რამაც კაცობრიობა ასაზრდოვა და დღემდე მოიყვანა არა მხოლოდ ნიჭი, არამედ შრომისმოყვარეობაა. შრომა ის ძალაა, რომელიც აღმართსაც ხნავს. საკუთარ თავზე მუშაობის სწავლა, ყველაზე დიდი სწავლაა. ისწავლეთ პროცესებში, ისწავლეთ არა მხოლოდ გამარჯვებისაგან, არამედ დამარცხებისგან მიღებული გამოცდილებითაც. შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები სწორად, სწორი თვითშეფასება მოგცემთ ჯანსაღ ამბიციას. არასდროს დანებდეთ თუ რაიმე პირველ მეორე ან მესამე ცდაზე არ გამოგივათ, თუ რამე გულით გინდათ და გონებით იმოქმედებთ, ამას აუცილებლად შეძლებთ. დაისახეთ მიზნად იმაზე მეტი, ვიდრე გგონიათ, რომ შეგიძლიათ.

მთავარი, რაც მასწავლებელმა უნდა შეძლოს, ალბათ, მოსწავლესთან სოციო-ემოციური კავშირის დამყარებაა, იმ ინდივიდიალური თავისებურებების მიგნება და გათვალისწინებაა, რაც თითოეულ მოსწავლეში, როგორც სამყაროს უნიკალურ მოვლენაში დევს. ეს ის ბაზისია, რაც ლეგიტიმაციას აძლევს მასწავლებელს დაეხმაროს მოსწავლეს, იყოს რეალიზებული და 21-ე საუკუნის კომპეტენციებით აღჭურვილი. ასევე ვთლი, რომ პედაგოგიკაში არ უნდა არსებობდეს ხელოვნური ბარიერები. სრულიად ვაცნობიერებ, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს უზარმაზარი ძალა, ძალა გარდაქმნისა უკეთესობისკენ და სამწუხაროდ უარესობისკენაც. მთავარია ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობდეთ და ვაცნობიერებდეთ ჩვენი სიტყვის ძალას.
ვფიქრობ დღეს, როგორც არასდროს, ისე გართულდა აღზრდისა და სწავლების საკითხები, თუ იმ მარტივი მოცემულობიდან გამოვალთ, რომ ,,როგორიცაა ფორმაცია ისეთივეა აღზრდაც”. თანამედროვე სამყაროში კი სადაც მრავალ ფორმაციათა ჭიდილია, მოსწავლე არ უნდა დაგვეკარგოს! პედაგოგიკა ცოცხალი მეცნიერებაა, დინამიური პროცესია, იმიტომ, რომ თავად კაცობრიობის განვითარების ისტორიაა დინამიური, ამიტომაც მასწავლებელს ევალება არამცთუ ფეხი აუწყოს თანადროულობას, არამედ თუნდაც აზრით, მცირედ უსწრებდეს კიდეც მას, რამეთუ თუ მასწავლებელი თავადვე წყვეტს განვითარებას, პროცესი კვდება და იკარგება მოსწავლეც , მასწავლებებლი ის ხიდია, რომელიც სიბნელესა და სინათლეს შორისაა გადებული. რამდენად მყარი და ფართო იქნება ეს ხიდი, რომ მრავალმა მოსწავლემ შეძლოს გადასვლა, თავად მასწავლებელი წყვეტს.

უპირობო სიყვარული, ნდობა, თანასწორუფლებიანობის განცდა, პატივისცემა, აღიარება, თანადგომა, გაგება და რაც მთავარია, მასწავლებელმა უნდა შეძლოს იყოს მოსწავლის სანდო მეგობარი.

ჩემს ბევრ მიზანთაგან გამოვყოფდი: ვიყო განმანათლებელი, რომელიც გადასცემს პრაქტიკულ ცოდნას. დავტოვო ჩემი კვალი ადამიანებში, როგორც ნათელი ნიშანსვეტი ადამიანური ღირებულებებისა. ადამიანი, ვინც ოდესღაც ვინმეს შეეხიდა, როგორც ადამიანი, ვინც სითბო და სიყვარული საუკუნო საგზლად გაატანა მრავალ ადამიანს. ვიყო მუდმივი მუხტისა და სინერგიის შემტანი სასკოლო საზოგადოებაში, რადგან პროცესი იყოს მუდმივად ცოცხალი.
ასევე მოსწავლეებს, ჩემ თანატოლებს ვაჩვენო, რომ საცხოვრებელი ადგილი (ქალაქი თუ სოფელი, მთა თუ ბარი…) არ არის გადამწყვეტი ფაქტორი წარმატების მისაღწევად. მნიშვნელოვანი დაუღალავი შრომაა! თუკი ერთ მოსწავლეს მაინც დავეხმარები განვითარებაში, საკუთარი თავისადმი რწმენის ამაღლებაში, შესაძლებლობების ხედვის უნარის გამომუშავებაში. ვიტყვი, რომ მე თუ შევძელი სხვაც შეძლებს! რომ მასწავლებლობა ის ჯადოსნური ჯოხია, რომელიც ამბებს რეალურ ზღაპრად აქცევს ! ვიტყვი, რომ -სწორი არჩევანი გამიკეთებია! ვიტყვი, რომ მიზანიც მიმიღწევია!