ახალი ამბები

მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთიდან გაზრდილ იმიგრაციას საფრთხედ მიიჩნევს – CRRC

CRRC საქართველოს ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთიდან გაზრდილ იმიგრაციას საფრთხედ მიიჩნევს.

კერძოდ, მოსაზრებას, რომ რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, ჯამში 51% ეთანხმება, 24% არ ეთანხმება, 17% ნეიტრალურია, 8%-მა კი არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

ამავე კვლევის თანახმად, ქართველებს ყველაზე მეტად უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ. კითხვაზე – “ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და პოლიტიკურ მდგომარეობაზე თუ იფიქრებთ, რა გაწუხებთ ყველაზე მეტად?”, პირველი 5 პასუხი ასე ნაწილდება:

20% – რუსეთის შეჭრა უკრაინაში;
19% – უმუშევრობა;
17% – ინფლაცია;
11% – ტერიტორიული მთლიანობა;
5% – პოლარიზაცია საქართველოში.

კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. Zinc Network, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: +/- 2.4%.

დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს განახორციელა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

შსს-ს მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი მოქალაქე რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. 3 თვეში ქვეყნის საზღვარი 298 285-მა რუმა გადმოკვეთა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 201%-ითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, წლიური ზრდა 401% იყო. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი, 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა.