როგორ სრულდება EU-ს 12 პირობა – შანსები და გამოწვევები
საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პირობის შესრულების შესახებ შეფასება გამოაქვეყნეს. დოკუმენტში ნათქვამია, 12 პირობიდან საქართველომ ამ დრომდე არ შეასრულა 6 პირობა, ნაწილობრივ შეასრულა – 3; მეტწილად შეასრულა 2 პირობა, ხოლო ერთი პირობა სრულად შესრულებულია.
შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი საქართველოს ხელისუფლების მიერ 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს.
ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძეს განცხადებით, საუბარია ევროკომისიის რეკომენდაციებზე, რის საფუძველზე ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს.
დეპოლარიზაცია – არ შესრულდა
საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები – ნაწილობრივ შესრულდა
დამოუკიდებელი სასამართლო არ შესრულდა
ანტი-კორუფციული ზომები – ნაწილობრივ შესრულდა
დეოლიგარქიზაცია – არ შესრულდა
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა – მეტწილად შესრულდა
მედიის თავისუფლება – არ შესრულდა
მოწყვლადი ჯგუფების დაცვა – არ შესრულდა
გენდერული თანასწორობა – მეტწილად შესრულდა
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა – ნაწილობრივ შესრულდა
ECHR-ის გადაწყვეტილებების გათვალისწინება – შესრულდა
დამოუკიდებელი სახალხო დამცველი – არ შესრულდა
,,მოვისმინეთ ხელისუფლებისაგან რომ ყველაფერი შესრულდა და ფაქტობრივად, 12 პუნქტზე მუშაობა დასრულებულია. მაგრამ ვხედავთ, რომ მაგალითად, დეოლიგარქიზაციის კანონი გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში და ელოდებიან დაჩქარებულ მოსაზრებას. მთლიან ჯამში, გარკვეული პროგრესი არის, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რამდენიმე საკითხის შეუსრულებლად დატოვება რამეში დაგვეხმარება. აქ არის მინიმუმ 2 მდგენელი – პოლიტიკური და ტექნიკური ნაწილი. ტექნიკური ნაწილი გულისხმობს ზუსტად ამ 12 პუნქტის სრულად შესრულებას ან გარკვეული პროგრესის ჩვენებას. ამ პირობებმა, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით არ არის ამ ეტაპზე შესრულებული, წლის ბოლოს, როდესაც 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი იმსჯელებს საქართველოზე, სკეპტიკურად განწყობილ სახელმწიფოს არუნდა მისცეს დამატებითი არგუმენტი რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”.
სტატუსმეტრის დოკუმენტის მიხედვით, არსებობდა საარჩევნო ბარიერის 2%-მდე შემცირების, შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის, სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაზრდელად გასატარებელი ცვლილებების და სხვა გამოწვევების დაძლევის მოლოდინები.
,,გასულ წელს, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებამ წარადგინა ხედვა თითოეულ პუნქტზე თუ რა უნდა გაკეთებულიყო, დეოლიგარქიზაციის ქვეშ ეწერა რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს 11 პუნქტი შესრულდებოდა, დეოლიგარქიზაციის პუნქტიც შესრულებლად ჩაითვლებოდა. ნაკლებად არის მოლოდინი რომ კანონი, რომელსაც სავარაუდოდ, ხელისუფლება მიიღებს, ამ საკითხს მოაგვარებს”.
ნაწილობრივ შესასრულებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პუნქტიც. ძალზე მნიშვნელოვანი იყო 12 პრიორიტეტის შესრულებასა და სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.
,,სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ე.წ. გაუცხოება განსაკუთრებით, შესამჩნევია მას შემდეგ რაც მეორე მოსმენით რუსული კანონპროექტი ჩავარდა. საზოგადოებამ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას სად არის პრობლემა და რომ ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო მის მოსაგვარებლად. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე, ეს არის პირველი რიგის როლი სამოქალაქო საზოგადოების. მეორე, სამოქალაქო საზოგადოებამ მოსახლეობას უნდა მიაწოდოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა დევს სასწორის მეორე მხარეს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი, რატომ არის ის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და, ზოგადად, საქართველოს ევროკავშირში წევრობა რისი მომტანია ქვეყნისთვის და თითოეული ადამიანისთვის. ასე რომ, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა ადევნოს თვალყური, შეაფასოს პროგრესი და მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია”.
ვანო ჩხიკვაძისვე თქმით, იმ შემთხვევაში თუ წელს ვერ მიიღო ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი, შანსი ამისი ყოველთვის არსებობს როდესაც ქვეყანა ყველა პუნქტს შეასრულებს.
,,წარმოიდგინეთ როდესაც გვეყოლება დამოუკიდებელი სასამართლო, პლურალისტული მედია, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში იქნება ჩართული, ინსტიტუცია, რომელიც ეფექტიანად დაუწყებს ბრძოლას ელიტურ კორუფციას, რამხელა შანსები გვექნება. ეს არ არის მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, ეს არის ასევე, იარაღი ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის რათა გახდეს უკეთესი, ვიდრე არის დღეს. რაც შეეხება ჩემს მოლოდინს, სრულად 12 პუნქტის შესრულების მოლოდინი არ მაქვს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატის სტატუსს მიიღებს საქართველო, ვფიქრობ, აქაც იქნება სხვა, ახალი პირობები შესასრულებელი”.
ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის 12 მიმართულებით პირობები 2022 წლის 17 ივნისს განუსაზღვრა.