სამუშაო სივრცეში ტვირთის ხელით აწევა-გადატანას სპეციალური რეგლამენტი დაარეგულირებს
ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ფარგლებში, დამტკიცდა კიდევ ერთი ტექნიკური რეგლამენტი ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ.
რეგლამენტი ადგენს ძირითად უსაფრთხოების ნორმებს ტვირთის ხელით აწევა, გადატანასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს. დადგენილება 2023 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.
როგორც შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი მოქმედებები შესაძლოა შეიცავდეს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობის დაზიანების რისკს, სწორედ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საქართველოს მთავრობის მიერ დადგინდა ნორმები, რომელთა დაცვაც სამუშაო ადგილზე სავალდებულოა.
როგორც რეგლამენტშია ნათქვამი დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები ან გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები, განსაკუთრებით მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან აიცილოს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა.
„იქ, სადაც შეუძლებელია ტვირთის ხელით აწევის თავიდან აცილება, დამსაქმებელი ვალდებულია
ა) მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები, გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები ან უზრუნველყოს დასაქმებულები და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირები ასეთი საშუალებებით, რათა შემცირდეს ტვირთის ხელით აწევასთან დაკავშირებული რისკები;
ბ) სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ ეს შესაძლებელია, წინასწარ შეაფასოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობები და შეისწავლოს ტვირთის მახასიათებლები.
გ) მიიღოს შესაბამისი ზომები დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ჯანმრთელობის (განსაკუთრებით ზურგის) დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად და ამ მიზნით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სამუშაო გარემოს მახასიათებლებისა და სამუშაოს სპეციფიკისა და ტვირთის განსაზღვრული მახასიათებლების შესაბამისად;
დ) სამუშაო სივრცე მოაწყოს ისე, რომ ტვირთის ხელით აწევა იყოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო.“- ნათქვამია რეგლამენტში.