ევროკავშირის საბჭომ საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო
ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში მოლდოვას რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად დახმარების ორი პაკეტი დაამტკიცა, – ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. ევროკავშირის საბჭოში აცხადებენ, რომ დახმარების მიზანია გაზარდოს ეროვნული უსაფრთხოება, სტაბილურობა და მდგრადობა ორივე ქვეყნის თავდაცვის სექტორში.
„საქართველოსთვის დამტკიცებული 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მოიცავს 36-თვიან პერიოდს და დააფინანსებს საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა და სერვისების დაფინანსებას, მათ შორის ტექნიკურ წვრთნას, სადაც ეს მოთხოვნილი იქნება. დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავს საინჟინრო, მართვისა და კონტროლის, სამედიცინო, ლოგისტიკის და კიბერთავდაცვის აღჭურვილობას“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
საბჭოს ინფორმაციით, დახმარება საქართველომ 2023 წლის 8 თებერვალს მოითხოვა.
„ამ ახალი დახმარებით, ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მოდერნიზების მხარდაჭერას. რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ ხელს ვუწყობთ მათო თავდაცვის სექტორების გაძლიერებას და ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის უნარების განვითარებას. ეს არის ორივე ქვეყნისთვის ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში გამოყოფილი დახმარების მესამე პაკეტი, რაც მკაფიოდ უსვამს ხაზს ევროკავშირის ურყევ ერთგულებას რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის საბჭოში განმარტავენ, რომ დახმარების პაკეტები ხელს შეუწყობს მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების და საქართველოს თავდაცვის ძალების ოპერატიული ეფექტურობის გაზრდას და დააჩქარებს მათ შესაბამისობას ევროკავშირის სტანდარტებთან, რაც, კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების დროს, მშვიდობიანი მოსახლეობის უკეთეს დაცვის შესაძლებლობას შექმნის.
„მიღებული ზომები ასევე მიზნად ისახავს მოლდოვისა და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას მესამე ქვეყნებში ევროკავშირის სამხედრო მისიებში და ოპერაციებში მათი მონაწილეობის კუთხით“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
ევროკავშირის საბჭოს მიერ მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად დამტკიცებული დახმარების პაკეტის რაოდენობა 40 მილიონ ევროს შეადგენს