მოსაცდელები, მძღოლების მოსასვენებელი სივრცეები – რა რეგულაციები გავრცელდება საქალაქთაშორისო გადაყვანებზე
რას ითვალისწინებს რეგულაციები, რომლებიც ავტოსადგურებს და მგზავრთა გადამყვან ოპერატორებს დაუწესდებათ? ამ თემაზე მთავრობის ბოლო სხდომის დაწყებამდე გამოსვლისას, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ასევე მგზავრთა გადაყვანა უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო.
პრემიერის თქმით, მთავრობა უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს პარლამენტს, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს.
ეკონომიკის სამინისტროში, ავტოსადგურების ინფრასტრუქტურული გაუმართაობის გარდა, ყურადღებას ამახვილებენ იმ არსებულ პრობლემებზე, რომლებიც ახალმა რეგულაციებმა უნდა მოაგვაროს: ესაა სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა კომერციული გადაყვანები (ე.წ. მტაცებლების“ მიერ). ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან ნაცვლად ავტოსადგურებისა, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა.
უწყებაში „ბიზსნესპარტნიორთან“ საუბარში ასევე ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევებში მგზავრთა გადაყვანა ხორციელდება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მომუშავე გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე, მოძრაობის, გარემოს დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით.
ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ერეკლე კეჟერაშვილის განმარტებით, ცვლილებები შედის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ , „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ , „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონებში, ასევე „ადგილობრივი თვითმმართველობის“ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსებში. საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება პარლამენტში მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება და მოლოდინია, რომ განხილვები საშემოდგომო სესიაზე დასრულდება, ხოლო ცვლილებების პირველი ეტაპი მომდევნო წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.
პირველი ფაზა გადამყვანი ოპერატორების აღრიცხვიანობას მოიცავს, რის შემდეგაც მათზე გარდამავალი ეტაპის ნებართვა გაიცემა. ავტოსადგურების მიმართ დაწესდება მოთხოვნები, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანას არსებულ ტექნიკურ რეგლამენტებთან.
„მგზავრთა გადამყვან ოპერატორებსა და ავტოსადგურებს 2025 წლის პირველ მაისამდე მიეცემათ გონივრული გარდამავალი ვადა, რათა ავტოსადგურები და ავტოპარკი შესაბამის კონდიციაში მოიყვანონ. ავტოსადგურების დღეს არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება არც უსაფრთხოების, არც სანიტარულ სტანდარტებს, არსებობს პრობლემები ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ავტოსადგურს უნდა გააჩნდეს განსაზღვრული ინფრასტრუქტურული კომპონენტები და მოწყობილობები, რათა მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. ეს ეხება მაგალითად, მგზავრთა მოსაცდელ სივრცეს, სალაროებს, ბაქანს, საინფორმაციო ცენტრს, მძღოლთა მოსასვენებელ სივრცეს, საპარკინგე სივრცეს, ავტობუსების შესამოწმებელ, წინასარეისო სივრცეს და ა.შ,“ – განაცხადა ერეკლე კეჟერაშვილმა.
რაც შეეხება მგზავრთა გადამყვან ოპერატორებს, პირველ ეტაპზე მათ უბრალოდ უნდა წარადგინონ ინფორმაცია მათი საქმიანობის, ასევე ავტოპარკის შესახებ და უზრუნველყონ მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილება, მათ შორის ყველა ავტომობილისთვის ტექდათვალიერების გავლა. ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე გადაყვანები მხოლოდ რეგისტრირებული ოპერატორების მიერ განხორციელდება, რაც დღეს არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
„2025 წლიდან დაწესდება განსხვავებული მოთხოვნები, იგივე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროცესი გულისხმობს იმასაც, რომ სამგზავრო ოპერატორებმა უნდა წარადგინონ ინფორმაცია განრიგის შესახებ და ამ განრიგის შესაბამისად ასრულონ რეისები. ავტოსადგურების მიმართ იქნება მოთხოვნები, გამოიყენონ მხოლოდ იმ ოპერატორების სერვისები, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი ნებართვა სახელმწიფოს მხრიდან,“ – აღნიშნა ერეკლე კეჟერაშვილმა.
მისი განმარტებით, ავტოსადგურები სამ კლასად დაიყოფა და სწორედ კლასზე იქნება დამოკიდებული ის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების ვალდებულებაც ამ ობიექტებს დაეკისრებათ. ყველაზე მკაცრი მოთხოვნა პირველ კლასში შემავალი ავტოსადგურების მიმართ იქნება დაწესებული, რომლებიც არა მხოლოდ შიდა, არამედ საერთაშორისო რეისებსაც ემსახურებიან.
მეორე და მესამე ავტოსადგურებიდან კი შიდა გადაყვანა განხორციელდება. რაც შეეხება სანქცირებას, უნებართვო ოპერირება, ავტოსადგურების შემთხვევაში ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამობა გამოიწვევს გარკვეულ ჯარიმებს, რომელთა ოდენობა ამ ეტაპზე ზუსტდება. კეჟერაშვილის განცხადებით, ბიზნესსუბიექტებს აქვთ ინფორმაცია, თუ რა მოთხოვნები დაუწესდებათ მათ და სექტორი დაგეგმილ ცვლილებზე ინფორმირებულია.