რა შედეგები მოაქვს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გავრცელებულ პრაქტიკას
ყოველ წელს შირაქის და ალაზნის ველები ცეცხლის ალშია გახვეული. ფერმერების მიერ მიწის გასუფთავების მიზნით განგებ გაჩენილი ხანძარი რამდენიმე ათეულ ჰექტარზე ვრცელდება, რაც როგორც მიწას, ასევე ქარსაფარ ზოლებს და ფრინველებს ანადგურებს.
სპეციალისტები ამ მიმართულებით შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ მიწის გასუფთავების მიზნით ანთებულ ცეცხლს ფერმერები ვეღარ აკონტროლებენ, რასაც მძიმე შედეგი მოსდევს_,ქარსაფარი ზოლების განადგურების გარდა, იხოცება გარეული ცხოველი და ფრინველი.
ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირინე ფხოველიშვილი განმარტავს, რომ ნიადაგის გადაწვით და ქარსაფარი ზოლების განადგურებით ნიადაგის სტრუქტურაც ნადგურდება.
,,ნაკვეთების გადაწვა აფუჭებს ნიადაგის სტრუქტურას. ჩვენ ამაზე ბევრი შეხვედრა გვაქვს ჩატარებული და ჩართული ვართ სამუშაო ჯგუფებში. პრობლემა არის ძალიან სერიოზული. პირველრიგში, ის ნივთიერება, რაც წვის შედეგად გამოიყოფა, მომწამვლელია, მაგალითად, კაკლის ფოთოლი. ნაკვეთების გადაწვის მომენტში ვერ ხდება გაკონტროლება, რის გამოც იწვება ტყეები, ქარსაფარი ზოლები და სხვა. ეს კი იწვევს ცალკე პრობლემას. ამით ისპობა ნიადაგის სტრუქტურა და იქ არსებული მიკროფლორა. ასეთმა ნიადაგმა შეიძლება აღარ მოგვცეს მოსავალი. მე მივესალმები იმას, რომ გამკაცრდეს კანონი ამ მიმართულებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ვისწავლოთ ბუნების გაფრთხილება. ასევე საუბარია, რომ ნამჯა გამოყენებული იქნას ქაღალდის წარმოებშიც, ეს სამომავლო პროექტია მაგრამ ერთის მხრივ ფერმერს მიეხმარება რომ დაასუფთაოს ადგილი.
არამარტო დედოფლისწყაროში, ეს პრობლემა ზოგადად დგას. ეს განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, სადაც ერთწლიანი მარცვლოვანი კულტურების მოყვანა ხდება. აღნიშნული პრაქტიკა სამწუხაროდ კომუნისტების დროიდან მოდის და დღემდე გრძელდება. ამას შემდეგ ბევრი პრობლემა მოსდევს. გასულ წლებში ამ ფაქტს დედოფლისწყაროსა და სიღნაღში საძოვრების გადაწვაც მოყვა. გარდა ამისა, მცირედ შემორჩენილი ქარსაფარი ზოლებიც იწვება და ეს ძალიან ცუდია. ეს პრობლემა არის ცოდნის, ინფორმაციის და თვითშეგნების ნაკლებობის ბრალი. ამისთვის ბრძოლაა საჭირო. დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს ნაწილი ისედაც გლობალური დათბობის გამო გაუდაბნოების ზონაში შედის, მიწის გადაწვით კი ვამწვავებთ ამ პრობლემას, ვაფუჭებთ ნიადაგის სტრუქტურას და ვაბინძურებთ ჰაერს. ამიტომ აუცილებელია თვითშეგნების ამაღლება. საბოლოოდ კი ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული. ნამჯის გამოტანასაც გარკვეული ფინანსები სჭირდება მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი საქმის გაკეთებით ათი გაფუჭდეს’’,- აცხადებს ირინე ფხოველიშვილი.
სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა ეზოებში და ბაღებში მოგროვილ ხმელ და ნედლ ფოთლებს ადგილზე წვავს, რაც, გარემოს დამცველების თქმით, ეკოლოგიას და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მცენარეული ნარჩენების, მათ შორის, ფოთლების, წვა აბინძურებს როგორც ჰაერს, ისე ნიადაგს.
გარემოს დამცველის, მდგრადი განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, კახა სუხიტაშვილის თქმით, 1 ტონა მცენარეული ნარჩენის კვამლი გამოყოფს 9 კგ მიკრონაწილაკს, ისინი ჰაერის ორთქლთან ურთიერთქმედებენ და წარმოქმნიან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ეგრეთწოდებულ „სმოგს”; ნიადაგის ზედა ფენაში კი, მძიმე მეტალების შემცველობა 1,5-2 ჯერ იზრდება.
,,ფოთოლი როცა იწვება, მისი უდიდესი ნაწილი არ არის მშრალი და ბოლომდე გამხმარი, ამას ჰქვია არასრული წვა, კვამლი, რომელიც ამ დროს გამოიყოფა, ძალიან ბევრ შხამიან ნივთიერებას, მათ შორის მეთანს შეიცავს, რომელიც არის ადამიანისთვის ძალიან საშიში. ეს კი მრავალი დაავადების გამოწვევას უწყობს ხელს, კერძოდ, ბრონქულ ასთმას, ყელის სიმსივნესა და სხვა.
რაც შეეხება ბუნებას, შეიძლება ითქვას, რომ ეს ამცირებს ჟანგბადის რაოდენობას და ჰაერს, რომელსაც ვსუნთქავთ მატებს ამიაკისა და მეთანის რაოდენობას. ჩემი გამოთვლებით მიმაჩნია, რომ სეზონურად ნარჩენების 30%, რომელიც თელავიდან გადის, განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე, არის ფოთოლი. მე არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს, რომ ეს ნარჩენები გადიოდეს ნაგავსაყრელზე,’’ – განუცხადა knews.ge-ს კახა სუხიტაშვილმა.
მისივე თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით ფოთოლი ბუნების მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც კომპოსტირების ან მისი მინერალიზაციის შემთხვევაში, იქცევა ძალიან კარგ, სასარგებლო სასუქად და შეიძლება, ფერმერებმა ან ქალაქის გამწვანებისთვის გამოიყენონ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს გადაწვავს, დაჯარიმდება. ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 1 ჰექტარზე 1 000 ლარი იქნება, იურიდიული პირისთვის კი – 2 000 ლარი.
აღსანიშნავია, რომ სანქციების დაწესებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ მოიწონა და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას თქმით, პრობლემა ძირითადად კახეთის რეგიონშია, სადაც ფერმერების მხრიდან ხდება სავარგულებზე ცეცხლის წაკიდება, რომელიც ზიანს აყენებს გარემოს.
„საკითხს, რომელზეც მთავრობამ იმსჯელა, ყოველ შემოდგომაზე ვაკვირდებით. სამწუხაროდ, ძირითადად კახეთის რეგიონში, ფერმერების მხრიდან ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ცეცხლის წაკიდება, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ნიადაგს და ამავდროულად, ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე შეიძლება დავდგეთ ცეცხლის გავრცელების კუთხით.
აქამდე არ გვქონდა ქმედითი მექანიზმი ამის საწინააღმდეგოდ. მთავრობამ მოიწონა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც წარედგინება პარლამენტს. ამ ცვლილებების მიხედვით, დაწესდება საკმაოდ მკაცრი სანქცია მოსარგებლეებისა თუ მესაკუთრეებისთვის და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმ პირისთვის, ვინც ამ ქმედებას განახორციელებს. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 1 ჰექტარზე 1 000 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირისთვის – 2 000 ლარი. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი იქნება და შევძლებთ, რომ მავნე პრაქტიკა აღმოვფხვრათ,“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
აღნიშნულ სიახლეს კახეთის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. მოქალაქეების უმეტესობის ინფორმაციით, სასოფლო სავარგულების გადაწვაზე ჯარიმა უნდა დაწესდეს. დიდი ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით შესაცვლელი არაფერია.
,,მე ჩემს ადგილში რას გავაკეთებ, არავინ არ უნდა გადამიწყვიტოს. ნარჩენი, რაც მოსავლის აღებიდან რჩება, ვერ გამაქვს და ადგილზე ვწვავ’’,- აცხადებს ფერმერი ნიკოლოზ გაჩეჩილაძე.
,,ძალიან კარგია, რომ მოხდება ჯარიმების ამოქმედება, ზაფხულის და გაზაფხულის პერიოდში ასე ჩნდება ჯექტრობით ადგილზე ცეცხლი და შემდეგ იწვება ტყეები, საძოვრები. აუცილებლად მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ეს საკითხი, რომ ვერავინ ვერ შეძლოს დაუდევრობის გამო გარემოსთვის ზიანის მიყენება’’,- აცხადებენ ფერმერები.