როგორ აღნიშნავენ აღდგომის დღესასწაულს საქართველოში- ბლოგი
აღდგომა საქართველოში, ისევე, როგორც მთელს ქრისტიანულ სამყაროში, უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს ავღნიშნავთ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას.
აღდგომა უმთავრესია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის და იგი გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასრულების შემდეგ, კვირა დღეს აღინიშნება (ეს დღე ყოველ წელს, ახალი სტილით, 4 აპრილიდან 8 მაისამდე შუალედში გვხვდება). აღდგომის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია ბზობა, ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, დღე, როდესაც ქრისტე იერუსალიმში დიდებით შევიდა, ხოლო ხალხი მას პალმის რტოებითა და „ოსანას“ შეძახილით ეგებებოდა. ამ დღესასწაულზე ყველა ოჯახს ტაძრიდან სახლში ბზის ტოტები მიაქვს, ნაკურთხი ბზა საქართველოში პალმის რტოების სიმბოლურ დატვირთვას ატარებს.
ბზობას მოჰყვება ვნების კვირა. ვნების კვირაში, წითელ პარასკევს ყველა ოჯახში კვერცხებს წითლად ღებავენ, რაც ქრისტეს ვნების სიმბოლოა. სააღდგომო კვერცხებს აღდგომის დღემდე არავინ მიირთმევს. აღდგომის წინა დღეებში აცხობენ ასევე სააღდგომო პასკას.გადმოცემის თანახმად, აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე თავის მოწაფეებს სწორედ მათი ტრაპეზის დროს გამოეცხადა. მოციქულებს მაცხოვრისთვის განკუთვნილი ცენტრალური ადგილი გამზადებული ჰქონდათ, მაგიდის შუაგულში კი მისთვის პური იდო. დროთა განმავლობაში სწორედ ამ ბიბლიურ მოვლენასთან დაკავშირებით, წარმოიქმნა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ტაძარში, სპეციალურ მაგიდაზე დებდნენ პურს .დღესდღეისობით კი ყველა ქრისტიანულ ოჯახში სააღდგომო პურის მომზადება თავად დაიწყეს.
ბოლო წლებში სააღდგომო ტრადიციის აუცილებელ ატრიბუტად იქცა მომცრო ჭურჭელში ჯეჯილის გაზრდა, რაც სიცოცხლესა და განახლებას უკავშირდება. სააღდგომოდ გაზრდილ ჯეჯილს გარშემო წითელი კვერცხები ამშვენებს.აღდგომის დღესასწაულს მორწმუნეთა დიდი ნაწილი ეკლესიაში ხვდება და საზეიმო ლიტურგიას ესწრება, რომელიც დილამდე გრძელდება. აღდგომიდან ერთი კვირის განმავლობაში შეხვედრისას ადამიანები აღდგომას ულოცავენ ერთმანეთს სიტყვებით- „ქრისტე აღსდგა“! „ჭეშმარიტად“! (ადრე ეს ტრადიცია აღდგომიდან 40 დღეს გრძელდებოდა). აღდგომას ყოველ ოჯახში იშლება საზეიმო სუფრა, რომელზეც აუცილებლადაა სააღდგომო წითელი კვერცხები და პასკა. ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ სააღდგომო კვერცხების ერთმანეთზე დარტყმის ტრადიცია, ყველა ცდილობს რაც შეიძლება რთულად დასამტვრევი კვერცხი შეარჩიოს, ვისი კვერცხიც დარტყმისას არ გატყდება მოწინააღმდეგის გატეხილი კვერცხიც მას ერგება.
საქართველოში დამკვიდრებულია აღდგომის მომდევნო დღეს სასაფლაოზე გასვლის ტრადიცია. ადამიანები ახლობელთა საფლავებზე გადიან, მიაქვთ სააღდგომო კვერცხი, პასკა, მცირედი სასმელი და საკვები, მოიხსენიებენ მიცვალებულებს და სააღდგომო კვერცხებს საფლავზე ტოვებენ.
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს,მრავალს დაესწარით.
საქართველოში ცნობილია ძველი სააღდგომო ტრადიციები, რომლებიც დღეს უკვე მივიწყებულია. ერთ-ერთი გამორჩეული ტრადიციაა ჭონა, რომელიც თავისი ხასიათით საშობაო ალილოს მიაგავს. მეჭონეები სააღდგომო სიმღერით მიდიოდნენ სოფლის ყველა ოჯახში და დღესასწაულს ულოცავდნენ. ოჯახი მეჭონეებს კვერცხებით, ტკბილი კვერებით და ფულითაც ასაჩუქრებდნენ. დღის ბოლოს, შეგროვილი სანოვაგით სოფლის მთელი ახალგაზრდობა ერთად აღნიშნავდა აღდგომას. განსხვავებული ტრადიციები არსებობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ყაზბეგში, სოფელ სნოში დამკვიდრებული ძველი ტრადიციაც ძალიან ჰგავს ჭონას. აღდგომას ახალგაზრდა ვაჟების მშვილდ-ისრებიანი ჯგუფი, სოფლისთვის პატივსაცემი უფროსი ასაკის მამაკაცის ხელმძღვანელობით სოფლის ყველა ეზოში შედიოდა აღდგომის მილოცვით. მოსულებს ოჯახის წევრები გამოეგებებოდნენ, დიასახლისს კი შესაწირი გამოჰქონდა. ეზოს შუაგულში მწკრივად აწყობდნენ სააღდგომო კვერცხებს ოჯახის წევრთა სადღეგრძელოდ, თან ხმამაღლა ამბობდნენ, ვის სახელზე იდებოდა კვერცხი. მწკრივში დალაგებულ კვერცხს ახალგაზრდები ისრებს ესროდნენ, სანამ ყველა მათგანს არ მოხვდებოდა ისარი. ხშირად შესაწირში კვერცხთან ერთად მოხევეები სხვადასხვა საჭმელს და ფულსაც დებდნენ. დღის ბოლოს მოგროვილი შესაწირით საერთო ზეიმი იმართებოდა, ფული კი სოფლის სასარგებლო საქმეს ხმარდებოდა.
თიკო გაგნიძე