ახალი ამბები

კვლევა- საქართველოში ყოველი მეოთხე ახალგაზრდა განიცდის საშუალო ან ძლიერი შფოთვის სიმპტომებს

საქართველოში ყოველი მეოთხე ახალგაზრდა განიცდის საშუალო ან ძლიერი შფოთვის სიმპტომებს, ყოველ მესამეს აწუხებს დეპრესიის ნიშნები და სტუდენტების მესამედს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც უფიქრია სუიციდზე, – ამის შესახებ საუბარია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევაში.

კვლევა ასკვნის, რომ ახალგაზრდები ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია.

კვლევა UNICEF-ის მხარდაჭერით საქართველოს შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილმა ბავშვთა უფლებების ცენტრებმა 18-24 წლის 3000-მდე ახალგაზრდას შორის ჩაატარა.

UNICEF-ის თანახმად, სტუდენტების 72% ამბობს, რომ მისთვის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხელისშემშლელი იყო ყოველდღიური აქტივობებისა და ურთიერთობებისთვის ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

გამოკითხულების 97%-ს ტერმინი „ფსიქიკური ჯანმრთელობა“ სმენია, თუმცა მათი მესამედი აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვს და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გრძნობებსა და გამოცდილებებზე არავისთან უსაუბრია.

გამოკითხული სტუდენტების 44%-ის თქმით, თუ მიხვდება, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის დახმარება სჭირდება, ეცდება პრობლემა თავად მოაგვაროს.

საჭიროების შემთხვევაში სტუდენტების უმრავლესობა ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტიდან, სხვადასხვა ვებგვერდებიდან და სოციალური მედიიდან გეგმავს, რაც UNICEF-ის თანახმად, ინფორმაციის სანდო წყაროდ არ განიხილება.

UNICEF-ის შეფასებითვე, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურების მიღების ბარიერებს შორის დასახელდა ინფორმაციის ნაკლებობა, ასევე სპეციალისტთან ვიზიტის და მედიკამენტების მაღალი ფასები, სპეციალისტების ცოდნისა და კვალიფიკაციის მიმართ უნდობლობა და შიში, რომ მომსახურების მიღებისას არ იქნება დაცული კონფიდენციალურობა.

გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ დარგის ექსპერტებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების შეფასებით, ახალგაზრდებისთვის არ არის ხელმისაწვდომი მხარდამჭერი, პრევენციული ან სარეაბილიტაციო სერვისები და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის და სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარება. ასევე, სუიციდის პრევენციის პროგრამის შექმნა, ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ისევე, როგორც სოციალური მუშაკების მომსახურების და მობილური ჯგუფების მეტად განვითარება.

კვლევის თანახმად, ახალგაზრდებში მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევა ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება და მათგან გამოწვეული ფსიქიკური პრობლემებიც – პარანოია, ჰალუცინაციები, ძილის დარღვევები.

კვლევაზე დაყრდნობით, გაეროს ბავშვთა ფონდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შესაბამისი სახელმწიფო სერვისების განვითარებას, რომელიც ახალგაზრდებისთვის უფასო და სტაბილური იქნება.