“ჩვენს მართვის მოწმობას EU აღიარებს, თუ ავტოსკოლები მოწესრიგდება” – შალვა ოგბაიძე
კერძო სექტორი ავტოსკოლების სავალდებულო ლიცენზირების შემოღებას და კონტროლის გამკაცრებას ითხოვს.
ბიზნესი აღნიშნულ ბაზარზე არსებულ თაღლითურ სქემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არაკეთილსინდისიერი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა დღეს რთულია. ავტოსკოლები სახელმწიფოს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას დაუყოვნებლივ სთხოვენ, რადგან მათი შეფასებით, ეს პირდაპირ კავშირშია საგზაო უსაფრთხოებასთან, რომელიც დღეს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ საგზაო უსაფრთხოების ექსპერტებიც. მათი თქმით, საქართველო იმ იშვიათი ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ავტოსკოლები ყველანაირი ნებართვის გარეშე ფუნქციონირებენ, არ კონტროლდებიან და ასწავლიან თავიანთი მეთოდებით, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებისგან შორსაა.
საგზაო მოძრაობის ექსპერტი შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ ბაზრის დარეგულირება წინაპირობაა იმისა, რომ ქართული მართვის მოწმობა ევროპის ბაზარზე ვალიდური გახდეს.
“რატომღაც ჩამოყალიბდა აზრი ახლო წარსულში, რომ ავტოსკოლის გახსნისთვის საჭიროა დარეგისტრირება ფეისბუქზე და მართვის მოწმობა შეგიძლია 4 დღეში აიღო. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა და მე ვიტყოდი სახიფათოცაა ასეთ სკოლაში მისვლა. თუმცა მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორებით დაკომპლექტებული სკოლები მაინც შემორჩა.
ახლა საჭიროა მათი ერთ ჩარჩოში მოქცევა, სახელმწიფოს მიერ სტანდარტის განსაზღვრა, თუ როგორი უნდა იყოს ავტოსკოლის სივრცე, რა უნდა ისწავლებოდეს, ვინ უნდა ასწავლიდეს და რა კომპეტენცია უნდა ჰქონდეს. ჩვენ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებამ მოგვცა დირექტივები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავიზიაროთ და დავნერგოთ.
ერთ-ერთი არის ავტოსკოლების მოწესრიგება. შორს არ არის ის დრო, თუ კი ამ სფეროშიც დამყარდება წესრიგი, ჩვენს მართვის მოწმობას ევროკავშირი აღიარებს”, – ამბობს საგზაო მოძრაობის ექსპერტი შალვა ოგბაიძე.