საქართველოს წყლის რესურსების დაცვის და მისი მართვის გაუმჯობესებისთვის ახალი კანონმდებლობა ექნება
საქართველოს წყლის რესურსების დაცვის და მისი მართვის გაუმჯობესებისთვის ახალი კანონმდებლობა ექნება. ეს კი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არის განპირობებული.
რეფორმა არაერთ საკითხს მოიცავს და ის ბიზნესებსა და სახელმწიფოს ახალ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს უწესებს. რეფორმას მხარს უჭერს USAID-ი, რომელმაც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან (GWP) ამ საკითხზე მემორანდუმი გააფორმა.
USAID-ის მიერ მხარდაჭერილი წყლის რესურსების მართვის რეფორმა ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დანერგვას, გაზრდის უსაფრთხო და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოფს წყლის საიმედო მიწოდებას. ეს სარგებელს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას, შექმნის სამუშაო ადგილებს, მოიზიდავს ინვესტიციებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.
როგორც წყლის რესურსების მართვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, ნატალია ბერუაშვილი აცხადებს, წყლის რეფორმის მიზანია, ეს რესურსი იყოს მაქსიმალურად ხელშემწყობი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-ის (GEO) ხელმძღვანელი ხათუნა გოგალაძე კი განმარტავს, რომ საქართველო ნამდვილად მდიდარია წყლის რესურსებით, მათ შორის, მიწისქვეშა წყლებით. მისი თქმით, წყალი უმნიშვნელოვანესი რესურსია. აქედან გამომდინარე, მისი ხარისხობრივი და რაოდენობრივი მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება მნიშვნელოვანია.
მისი განმარტებით, წყლის რესურსების დღევანდელი მართვა შორს არის ევროპული და განვითარებული ქვეყნების გამოცდილებისაგან. აღნიშნული კანონი კი ეფუძნება ევროკავშირის დირექტივებს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაშია შესული.
შეგახსენებთ, წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დამტკიცდება.