ისტორიული ყადორის ბაღი თელავში
ყადორის ბაღი ძველი გალავნის უბანში მდებარეობს. მიმდებარე ქუჩებზე არსებული განაშენიანება ზედა, ძველი ციხის მოხაზულობას იმეორებს და განსაკუთრებულად საინტერესო მხატვრულ-არქიტექტურულ კომპოზიციებს ქმნის.
ბაღიდან ულამაზესი ხედი იშლება კავკასიონის ქედის მიმართულებით. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთიანი მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიცია, რომელსაც მთლიანობაში ქმნის ქუჩა-კიბე, გალავანზე გადმომდგარი სახლები, ციხის კედლები და თავად ყადორის ბაღი.
,,დაბახნების გორის“ მოსაზღვრედ თელავის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული უბანია – ე.წ. „ძველი გალავანი“. იგი ე.წ. ,,ყადორის გორაზე“, თელავის ერთ-ერთ დიდ და მჭიდროდ დასახლებულ ადგილზე მდებარეობს.
,,ყადორის გორა“ მოქცეულია „მაწანწარის ხევსა“ და თელავის ,,დიდ ხევს“, იგივე ,,თელავის რიყეს“ შორის. ,,ყადორის გორაზე“ შემორჩენილია კახეთის მეფე კვირიკე III დიდის დროინდელი ციხე-გალავნის ნაშთები. ამის გამო მას „ძველი გალავნის“ უბანსაც ეძახიან, განსხვავებით ,,ახალი გალავნისაგან’’, რომელსაც დღევანდელი თელავის ცენტრში მდებარე მეფე ერეკლე II-ის მიერ განახლებულ ,,ბატონის ციხეს“ ეძახდნენ.
კვირიკე III დიდი კახეთ-ჰერეთის მეფე იყო 1010-1037 წლებში. მან გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული. მანამდე კახეთის მთავრებს ქორეპისკოპოსები ერქვათ . კვირიკე III-ის დროს კახეთის სამეფოს დედაქალაქი თელავი გახდა. თანამედროვე ალავერდის ტაძრის აგებაც კახეთის მეფის კვირიკე III-ის, იგივე კვირიკე დიდის სახელთან არის დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ სახელწოდება ,,ყადორი“ კახეთში რამდენიმე ადგილას არის დაფიქსირებული.