ანსამბლებს – „გურჯაანსა“ და „შავნაბადას“ ახალი სასცენო სამოსი გადაეცა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრთან“ არსებულ ანსამბლ „გურჯაანსა“ და ა(ა)იპ აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ ,,შავნაბადას“ ახალი სასცენო სამოსი გადაეცა.
სამოსის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და ანსამბლების წევრები დაესწრნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ანსამბლ „გურჯაანს“ გადაეცა 18 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი, ანსამბლ „შავნაბადას“ კი გადაეცა 16 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი, რომლებიც თავად ანსამბლების საჭიროებებისა და სურვილების მიხედვით დამზადდა.
ახალი სასცენო სამოსი შეკერა ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“, რომელთანაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2022 წელს 133 360 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია „ფაფანაკმა“ სასცენო სამოსი რვა ფოლკლორული ანსამბლისათვის შეკერა: „შავნაბადა“, „ადილეი“, „იალონი“, „მარგალიტი“, „გურჯაანი“, „მთიები“, ქ. ინეგოლის ანსამბლი (თურქეთის რესპუბლიკა) და „სათანაო“.
ანსამბლი „გურჯაანი“ 55 წელზე მეტია ემსახურება ქართული ტრადიციული მუსიკის (გალობა და ხალხური სიმღერა) განვითარებასა და პოპულარიზაციას. ამ ხნის განმავლობაში ანსამბლმა არაერთი ნიჭიერი თაობა აღზარდა, გამართა მრავალი წარმატებული საკონცერტო ტურნე როგორც საქართველოში, ისე – უცხოეთში (ბულგარეთი, უნგრეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი, უკრაინა და სხვა), ჩაწერა რამდენიმე ალბომი ქართული ხალხური სიმღერების საუკეთესო ნიმუშებით.
სახელმწიფო და კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე სხვადასხვა პრობლემაა, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მაღალი ხარისხის, ინდივიდუალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობაა. დაახლოებით 15 წელია, სახელმწიფოს ანსამბლებისთვის სასცენო სამოსი არ გადაუცია. სწორედ ამიტომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2021 წლის დეკემბერში გამოყო 197 999 ლარი და გამოცხადდა პირველი ტენდერი. სასცენო სამოსი 2022 წლის პირველ ნახევარში 12 ანსამბლისთვის შეიკერა (70 კაბისა და 277 ჩოხის კომპლექტის დამზადება).
რაც შეეხება 2023 წელს, სასცენო სამოსის დასამზადებლად 150 000 ლარის გამოყოფილი და მოთხოვნა 20-ზე მეტ ანსამბლს აქვს წარმოდგენილი.