კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევას დაიწყებს
კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევას დაიწყებს.
სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, უწყება ახლა ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციაშია და მოკვლევა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
„კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ერთი მხრივ ეხებოდა გარკვეული პერიოდის წინ, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ფასების ზრდას – რამდენიმე მსხვილმა ფარმაცევტულმა ქსელმა მედიკამენტებზე ფასები პრაქტიკულად ერთ დღეს და ერთდროულად გაზარდა, მეორე მხრივ კი იმ ფაქტს, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა – აქაც ქმედება რამდენიმე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის მიერაა განხორციელებული, მოკვლევას ვიწყებთ. ეს ორი თემა კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის საკმარისი საფუძველია, რომ მოკვლევის ეტაპზე გადავიდეთ. ახლა ჯანდაცვის სამინისტროსთან დამატებით ინფორმაციას ვცვლით და მოკვლევის დაწყების შესახებ უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ.
მოკვლევა სავარაუდოდ 2 მიმართულებით დაიწყება, ესენია: მსხვილი ფარმაცევტული ქსელების მიერ შესაძლო არაკეთილსინდისიერად შეთანხმებული ქმედება და მეორე მიმართულება შეიძლება იყოს ფარმაცევტულ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენება“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ “ბიზნეს ფორმულას” კითხვის საპასუხოდ.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედებები ფიქსირდება. ამჯერად, საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ უწყებამ კომპანიების წინააღმდეგ რამდენიმე მსგავსი შინაარსის განცხადება უკვე გაავრცელა. თავდაპირველად, რეფერენტული ფასი 15 თებერვლიდან 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე გავრცელდა. მალევე, სამინისტრომ კომპანიები წამლების ხელოვნურად გაძვირებაში დაადანაშაულა, რაც თავად ფარმაცევტულმა სექტორმა უარყო, როგორც რეალობასთან შეუსაბამო და მიუღებელი ბრალდება.