ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრი მოსწავლეებს რუსულ ენას უფასოდ ასწავლის
ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრი მოსწავლეებს რუსულ ენას უფასოდ ასწავლის.
საგანმანათლებლო პროგრამის ,,გაიღრმავე ცოდნა” ფარგლებში, ერთ-ერთმა ა(ა)იპიმ, რუსული ენის შესასწავლად, 40 მოსწავლე უკვე მიიღო.
მსურველებმა სწავლა უკვე დაიწყეს და გაკვეთილები, კვირაში ორ დღეს, საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობს. კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორის, მაია ზარდიაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება მოსახლეობის მოთხოვნით მიიღეს.
„ბავშვები, რომლებიც სკოლაში სწავლობენ, მათ მოგვმართეს და გვთხოვეს დახმარება. პედაგოგს, რომელსაც ჩვენი სამსახური 200 ლარს უხდის, 40 ბავშვი ჰყავს და აგებინებს იმას რასაც სკოლაში ვერ იგებენ. ჩვენ გვაქვს ინგლისურის, გერმანულის, მათემატიკის კურსები, ასევე ინკლუზიური, ქარგვის და ხატვის კურსები. ეს ბავშვები კაპიკს არ იხდიან არაფერში. ეს არის ჩემი პროექტი”- ამბობს ზარდიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილმა ა(ა)იპიმ ფეისბუკში თებერვალში გამოაქვეყნა.
“ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრი”, საგანმანათლებლო პროგრამის “გაიღრმავე ცოდნა” ფარგლებში მრავალრიცხოვანი მოსახლეობის თხოვნით ამატებს კიდევ ერთ უცხო ენას. ცხადდება რუსული ენის შესწავლის მსურველების რეგისტრაცია 7-16 წლამდე ასაკის პირებისთვის“ – აღნიშნული იყო განცხადებაში, რომელიც დღეს აღარ იძებნება.
როგორც ყვარლის ევროკლუბის ხელმძღვანელი ნიკა გურინი აცხადებს, ბიუჯეტი არ უნდა აფინანსდებოდეს, იმ ქვეყნის ენის შესწავლას, რომელსაც საქართველოს ნაწილი აქვს ოკუპირებული.
„რას ნიშნავს ჩვენი გადახდილი გადასახადებით რუსული ენის შემსწავლელი კურსების დაფინანსება? რას ნიშნავს საზოგადოების მრავალრიცხოვანი მოთხოვნა? მე მაქვს კითხვები, ვის ინტერესებში შედი რუსული ენის და კულტურის პოპულარიზაცია. ამ ამბავს ჩვენს აუცილებლად მოვიკვლევთ. როცა რუსეთის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული, ასეთი რამ წარმოუდგენელია“ – თქვა გურინმა.