გერმანია მხარს უჭერს საქართველოს გზას ევროკავშირში
„ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავს მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება გვქონდეს.
„დიდი მადლობა ამ მეგობრული მიღებისთვის თბილისში. გერმანიაში უდიდესი ინტერესია საქართველოს, ადამიანების, ისტორიის, საოცარი ბუნების და სამზარეულოს მიმართ. ინტერესი ვლინდება საქართველოში ჩამოსვლის მსურველი გერმანელი ტურისტების რაოდენობის ზრდაში – იმ ადამიანების რაოდენობა იზრდება, ვისაც საქართველოში ტურისტად ჩამოსვლა უნდა. ადამიანებისთვის, ხინკალი და ხაჭაპური აღარ არის უცხო სიტყვა, მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოთქმა არ არის მარტივი, მათ შორის, ჩემთვისაც. ეს არის ანეკდოტი გერმანული პრესისთვის.
გუშინ ვნახე არაჩვეულებრივი ქალაქი თბილისი, არაჩვეულებრივი არქიტექტურით, სადაც გერმანული არქიტექტურა შინაურია. ეს უკავშირდება ორმხრივ ურთიერთობას.
ინტერესი საქართველოს მიმართ იმგვარად ვლინდება, რომ ჩვენ, გერმანიაში, გასული კვირების განმავლობაში ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რაც ხდებოდა „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ევროპული დროშები ფრიალებდა.
დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქალები და მამაკაცები, რომლებიც ევროპულ დროშას აფრიალებდნენ. ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი გამოცდილება ევროპაში არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ეს არის არამხოლოდ შანსი, არამედ ევროპული ღირებულებების რწმენა. ასევე, არის სტიმული. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით შეიძლება იამაყო. საქართველო არის ევროკავშირი. ამაში დაგვარწმუნა არა გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წელმა. ადამიანების, საქართველოს მოსახლეობის ადგილი ევროკავშირშია.
ამიტომ, საქართველოში ჩამოვედი კონკრეტული გზავნილით. ჩვენ გვინდა ვნახოთ, საქართველო ევროკავშირში, გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეთ. გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს გზა ერთობლივად, გულწრფელად გავიაროთ “,- აღნიშნავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
(ფოტო: რადიო თავისუფლება)