ახალი ამბები

თუშეთის სოფელი კვავლო – ულამაზესი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ

სოფელი კვავლო მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2150 მეტრზე.

თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს კვავლოში 29 წლის პაატა ქუჯაიძე მარტო უმკლავდება ზამთარს. ის უვლის ცხენებს რომლებიც ზაფხულში აქტიურად ჩაერთვებიან ტურიზმში. ეს მისი პირველი ზამთრობაა და ფიქრობს, რომ მომავალ ზამთარსაც კვავლოში გაატარებს.

სოფელი კვავლო საქართველოს ჩრდილო – აღმოსავლეთი საზღვარი და ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

თუშეთი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 900 – 4800 მ სიმაღლეზე. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო. თუშეთი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. ის გამორჩეულია ულამაზესი მწვერვალებით, როგორებიცაა: ტებულოს (ზღვის დონიდან 4492 მ.), დიკლოს (ზღვის დონიდან 4285 მ.) და ბორბალოს (ზღვის დონიდან 3294 მ.). თუშეთში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, უძველესი ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, ყოფითი კულტურის ნივთები. აქ გარემომცველ ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტებთან ერთად დაცულია ტრადიციები და მოსახლეობის ყოფითი წეს-ჩვეულებები.

თუშეთი ოთხ ძირითად თემად იყოფა: პირიქითა, გომეწრის, წოვათას თემი და ჩაღმის თემი. მოიცავს 40-მდე ნასოფლარს და 10 სოფელს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის სოფლები ზღვის დონიდან 1900-დან 2400 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული, ცენტრად კი ითვლება სოფელი ომალო. თუშეთში მდებარეობს სოფელი ბოჭორნა, რომელიც ევროპის მასშტაბით ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტია. თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამ „ბარის თუშეთი“ სინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინი „მთათუშეთი“ არც ისტორიულადაა გამართლებელი და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს.

ფოტო: Paata Qujaidze