რა უნდა გაითვალისწინოთ მიწისძვრის დროს
რა არის მიწისძვრა?
ჩვენი პლანეტის სიღრმეში მილიონობით წელია, დედამიწაზე ტექტონიკური ფილების გადაადგილების პროცესი მიმდინარეობს. შევეწინააღმდეგებით, ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც ქანების მოძრაობის შედეგად გამოწვეული ძლიერი მიწისძვრების დროს გვაქვს, თავდაცვაა.
როგორ დავიცვათ თავი მიწისძვრის დროს ?
ჩვენს ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან არასწორად გადადგმულმა ერთმა ნაბიჯმა შესაძლოა, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი სიცოცხლე შეიწიროს.
თუ შენობაში იმყოფებით პირველ რიგში, დარჩით სადაც ხართ, მოერიდეთ ფანჯრებს, კარებს, ბუხარსა და გარეთა კედლებს, რადგან ხშირად ისინი ინგრევა, შიდა კონსტრუქცია კი ნარჩუნდება. მოშორდით კარადებს და სხვა მძიმე ავეჯს, რომელიც შესაძლოა, დაგეცეთ და დაგასახიჩროთ. ნუ დადგებით ჭაღის ქვეშ.
ალბათ, გსმენიათ, რომ მიწისძვრისას საყრდენ კედელთან უნდა დადგეთ, რადგან მის მიმდებარედ ყოფნა უფრო უსაფრთხოა, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე დაცულად მაგიდის ქვეშ იქნებით. ასეთ სიტუაციაში დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სწრაფად უნდა იმოქმედოთ.
სასურველია, თავი და კისერი ხელებით დაიფაროთ, რათა მოსალოდნელი ზიანი აიცილოთ. თუ მაგიდის დაბლა მთლიანი ტანით შეძრომას ვერ მოასწრებთ, ეცადეთ, მას სხეულის ზედა ნაწილი მაინც შეაფაროთ და რყევების დასრულებამდე მოეჭიდოთ.
მიწისძვრისას საწოლში ყოფნის შემთხვევაში თავის ზემოდან ბალიში ან რაიმე უფრო მყარი ნივთი მოაქციეთ, რასაც თქვენს მახლობლად დაინახავთ. ხელებსა და ფეხებზე დაყრდნობა დაგეხმარებათ, რომ საჭიროების მიხედვით ხოხვით მარტივად გადაადგილდეთ და არ წაიქცეთ. გახსოვდეთ, რომ ამგვარი კატასტროფისას დაზიანებების უმეტესობა ჩამოცვენილი ობიექტების მოხვედრითაა გამოწვეული, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ.
თუ გარეთ იმყოფებით , მიწისძვრისას გარეთ ყოფნა უდიდესი პრივილეგიაა, რომელიც სწორად უნდა გამოიყენოთ. არ შეხვიდეთ ნაგებობაში, პირიქით, მას შეძლებისდაგვარად მოშორდით და ისეთ ადგილზე გადაინაცვლეთ, სადაც შედარებით ნაკლები შენობაა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საფრთხეს მხოლოდ კოლაფსირებული კედლები არ ქმნის, არამედ უნდა მოერიდოთ ელექტროსადენებს, გაზის მილებს, ხეებს, ფანჯრებსა და ისეთ კონსტრუქციულ დეტალებს, რომლებიც არამყარია.
თუ მიწისძვრისას ავტომობილით გადაადგილდებით, დაუყოვნებლივ გაჩერდით ისეთ ადგილზე, სადაც ელექტროსადენები ან შენობები არაა. არ გაჩერდეთ ხიდის ან ხის ქვეშ. გამოიყენეთ ხელის მუხრუჭი, რათა მანქანა რყევისას მოულოდნელად არ დაიძრას. საფრთხის ჩავლამდე იქიდან ნუ გადმოხვალთ.
მიწისძვრისას: არ გამოიყენოთ კიბეები და ლიფტი, არ შეისუნთქოთ მტვერი. თვალებზე, ცხვირსა და პირზე ხელი ან ტანსაცმელი აიფარეთ, არ გამოიყენოთ სანთებელა, ასანთი და ელექტრო მოწყობილობები, რადგან შესაძლოა, რყევისას გაზმა გაჟონოს და ხანძარი გაჩნდეს, არ ჩავარდეთ პანიკაში, არ გადატვირთოთ სატელეფონო ხაზები.
მიწისძვრის შემდეგ: არ შეხვიდეთ შენობაში, რადგან შესაძლოა, განმეორებითი მიწისძვრების გამო შენობა ჩამოინგრეს, რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედეთ, დაელოდეთ ოფიციალურ ინფორმაციას მომყოლი ბიძგების შესახებ, არ გაჩერდეთ სახლში, თუ კედლებიდან უცნაური ხმები ისმის. ეს შესაძლოა, მიანიშნებდეს, რომ მალე ის დაინგრევა, გადაკეტეთ გაზი, მით უმეტეს, თუ მის სუნს გრძნობთ, არც ამ შემთხვევაში გამოიყენოთ სანთებელა ან ასანთი.