დღეიდან მედიკამენტების ნაწილზე რეფერენტული ფასების სისტემა ამოქმედდა
დღეიდან ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებულია, რომ მედიკამენტებზე მაქსიმალური ზედა ზღვარი განსაზღვრული რეფერენტული ფასის მიხედვით დაადგინოს.
ფარმაცევტულ კომპანიებს 31 იანვრამდე ჰქონდათ ვადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის უკვე განსაზღვრულ რეფერენტულ ფასებზე შენიშვნები გადაეგზავნათ.ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებაში ჩამოთვლილია რეფერენტული ქვეყნები – ესენია: ლატვიის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ბულგარეთის რესპუბლიკა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.
რაც შეეხება ფასს, რეფერენტული საცალო ფასი ითვლება რეფერენტული საბითუმო ფასიდან, სააფთიაქო დარიცხვის პროცენტით ან საცალო კოეფიციენტის საშუალებით, შემდეგი წესით: თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5 ლარამდეა – მას ემატება 40% დარიცხვა; თუ 5-დან 10 ლარამდეა – მას ემატება 35% დარიცხვა; თუ 10-დან 20 ლარამდეა – მას ემატება 30% დარიცხვა; თუ 20-დან 30 ლარამდეა – მას ემატება 25% დარიცხვა; თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 30-დან 50 ლარამდეა – მას ემატება 20% დარიცხვა; თუ ფასი 50-დან 100 ლარამდეა – მას ემატება 15% დარიცხვა და თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 100 ლარი ან მეტია, მაშინ რეფერენტულ საბითუმო ფასს სტანდარტულად ემატება მხოლოდ 20 ლარი.
რაც შეეხება ფასების განახლების სიხშირეს, ფასების გეგმური გადახედვა გათვალისწინებულია წელიწადში ერთხელ და გამოქვეყნდება ნოემბერში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.