რატომ არ ვითარდება ბიზნესი სამხრეთ კავკასიის მეზობელ ქვეყნებს შორის? სამი ამბავი
როგორ გახდა წამგებიანი საქართველოდან აზერბაიჯანში მანქანების ტრანსპორტირება.
როდესაც საქმე ეხება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებს, პირველ რიგში გვახსენდება მანქანებითა და მათი სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობა. აზერბაიჯანის მეორადი ავტომობილების ბაზარზე საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს – მეორადი მანქანები მასობრივად შედის საქართველოდან აზერბაიჯანში. ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის მთლიანი ვაჭრობის თითქმის მესამედი სწორედ მანქანებით ვაჭრობაზე მოდის.
კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოდან აზერბაიჯანში მანქანების და მათთვის სათადარიგო ნაწილების იმპორტი საკმაოდ პოპულარული საქმიანობა იყო, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.
“ჩვენ საჰაერო გზით მივდივართ, საქონელი ხმელეთით”
მრავალი წელია, ელნურ იბრაგიმოვი ბაქოში ავტონაწილებს ჰყიდის ბაბეკის გამზირზე მდებარე ბაზარში. აქ შეგიძლიათ იყიდოთ თითქმის ყველაფერი მანქანებისთვის – ზეთიდან დაწყებული ყველაზე პატარა დეტალებით დამთავრებული. ისინი ძირითადად საქართველოდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან და გერმანიიდანაა შემოტანილი.
ნაწილები ელნურ იბრაგიმოვსაც ამ ქვეყნებიდან შემოაქვს. მაგრამ აზერბაიჯანმა, რომელმაც 2020 წლის გაზაფხულზე საკარანტინო ზომების გამო დახურა სახმელეთო საზღვრები, ჯერაც არ გაუხსნია. ასე რომ, სიტუაცია ბაზარზე ძალიან მძიმეა.
„ადრე, ჩვეულებრივ, საქართველოში, სახმელეთო გზით დადიოდნენ. ახლა კი თქვენ თვითმფრინავით უნდა გადაფრინდეთ და გაცილებით მეტი დახარჯოთ. იქ ვყიდულობთ საქონელს, ვტვირთავთ სატვირთო მანქანებში, რომელიც შემდეგ გარკვეული ტარიფის სანაცვლოდ ბაქოში გადააქვთ, ჩვენ კი ისევ თვითმფრინავით ვბრუნდებით უკან“, – ამბობს ელნურ იბრაგიმოვი.
მანქანების 20 პროცენტი საქართველოდან შემოდის
აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანმა მიიღო 55 199 ავტომობილი, რომელთა ჯამური ფასი 743 966 000 დოლარია.
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით კი, მხოლოდ 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებულია 11 677 ავტომობილი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აზერბაიჯანში გაყიდული მანქანების 20 პროცენტზე მეტი (დაახლოებით 170 მილიონი დოლარი) კვლავ საქართველოდან შემოდის.
2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ 525 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ავტომობილებით ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 32 პროცენტს შეადგენს, მისი აბსოლუტური უმრავლესობა კი საქართველოდან აზერბაიჯანში გაყიდული მანქანებია.
მაგრამ ეს ბიზნესი სულ უფრო წამგებიანი ხდება
ელნურ იბრაგიმოვი ამბობს, რომ მყიდველების აქტიურობიდან გამომდინარე, ზოგჯერ თვეში ორჯერ უწევს საქართველოში ფრენა და ეს არ არის იაფი. ყველა ხარჯს ასევე ემატება უზარმაზარი საბაჟო გადასახადები.
„ზოგჯერ ვაჭრობა ძალიან კარგად მიდის, თვეში ორჯერ დავდივართ საქართველოში. მაგრამ ხშირად მყიდველები არ არიან, ისევე როგორც ახლა. ავიაბილეთები ძვირია [AZAL-ის ავიახაზებზე ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისის ბილეთი 400-450 მანათი – დაახლოებით $250 ღირს]. სათადარიგო ნაწილებიც ძვირია. ჩვენ ვაკეთებთ უმნიშვნელო ეკონომიას, რათა როგორმე გავყიდოთ ცოტა მომგებიან ფასად. მაგრამ ამის გაკეთება სულ უფრო და უფრო წამგებიანი ხდება.“ – ამბობს იბრაგიმოვი.
ვრცლად იხილეთ მასალა: