ახალი ამბები

კედელზე შემორჩენილი უძველესი ნახატები ველისციხიდან, რომელიც ისტორიას ინახავს- ფოტოები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ისტორიული სახლის შესახებ ყველამ იცის, სადაც კედლის მხატვრობა დღემდეა შემორჩენილი.

ადგილობრივი, თამარ მახარაშვილი აცხადებს, რომ ორსართულიანი შენობა სოფლის განაპირას, ხევის უბანში მდებარეობს.

გადმოცემის თანახმად, ამ სახლში საუკუნის წინ დუქანი ყოფილა, ვარაუდის მიხედვით კი ამ დუქანს ფიროსმანიც ხშირად სტუმრობდა.

,,როგორც ცნობილია ფიროსმანი დაგროვებულ ვალებს კედლებზე ხატვით ისტუმრებდა, თუმცა მკვლევარებმა წლების წინ ნახატებზე ყველაზე დიდი ქართველი მხატვრის კვალი ვერ დაინახეს. ორი ნახატი დღემდეა შემორჩენილი, ერთს აწერია “შენ გვაცხონე მარანო”. იატაკზე აგურია რომელსაც ლამაზი ასო “ფ” ამშვენებს.
ამ სახლშია ერთ-ერთი სცენა გადაღებული გიორგი შენგელაიას ფილმში “ხარება და გოგია”. ამ სახლში ცხოვრობნენ პედაგოგები რობერტ აკოლაშვილი და მისი მეუღლე, ლია სტურუა. სწორედ რობერტის უფროსმა ძმამ, გრანიკო აკოლაშვილმა ჩამოიყვანა კინორეჟისორი გიორგი შენგელაია ველისციხეში და მან შესთავაზა საკუთარი სახლი საცხოვრებლად, ხოლო მარანი გადაღებისთვის ფილმისათვის ,,ხარება და გოგია”,-
აცხადებს თამარ მახარაშვილი.

ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ შენობა, რომლის პირველ სართულზეც ნახატებია დღემდე შემორჩენილი, მე-19 საუკუნის 60-იან წლებშია აგებული. მისი თქმით, გასულ წლებში, სოფელ ველისციხეში განვითარებული იყო ხელოსნობა და ვაჭრობა.

მისივე განმარტებით, ველისციხის ბაზარი განთქმული იყო, სადაც უამრავი ადამიანი იყრიდა თავს. სწორედ აქედან გამომდინარე, ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნულ ადგილს შესაძლოა ფიროსმანიც სტუმრობდა.

,,ცნობილი ფაქტია, რომ ორთქლმავალზე კონსტრუქტორად მუშაობდა ნიკო ფიროსმანი, სწორედ ერთი ნახატი, ორთქლმავალი, თემატურად უკავშირდება მის საქმიანობას. აქამდე აღნიშნულ ადგილას შემონახული ნახატები თითქმის ერთი სიდიდის არის. ამ შენობის ზედა სართულზე იყო სასტუმრო, გადმოცემის თანახმად, აქ ყოფილა ფიროსმანი სტუმრად და უქეიფია, შემდეგ კი ეს ნახატი დაუხატია. ეს ნახატები კახეთში მხოლოდ აქ არის შემორჩენილი და ამას შესწავლა უნდა”,- აცხადებს თამაზ მარკოზაშვილი.