ახალი ამბები

საქართველოში კვერცხი გაძვირდა – მწარმოებლები მიზეზებზე

საქართველოში კვერცხი გაძვირდა. Bm.ge-სთან აღნიშნულის შესახებ მწარმოებლებმა დაგვიდასტურეს. მათი განცხადებით, ფასის მატება საშუალოდ 2 თეთრია.

როგორც „კუმისის“ თანადამფუძნებელმა და „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განაცხადა, იანვრიდან კვერცხის დაახლოებით 2-2.5 თეთრით გაძვირდა.

“ფასის ზრდის მიზეზი არის გაზრდილი ხელფასები, მუშა-ხელის დეფიციტი და გაზრდილი ჯარიმები. დისტრიბუციის მანქანებისთვის. როცა დაანონსდა რომ ელექტროენერგია უნდა გაძვირებულიყო, ეგეც გავითვალისწინეთ და დაახლოებით 2-2.5 თეთრით გაძვირდა. ზოგმა 1 თეთრით გააძვირა, ზოგმა მეტით. 2.5 თეთრზე მეტით წესით არ უნდა გაეძვირებინა არცერთ მწარმოებელს. არცერთ მწარმოებელს არ სიამოვნებს ფასის მატება, რაც ავტომატურად იწვევს გაყიდვების შემცირებას.

იანვრიდან კვერცხის დაახლოებით 1.5 თეთრით გაძვირებაზე საუბრობს „კოდას“ გენერალური დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილიც. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზია საკვები პროდუქტების ფასის ზრდა.

“ფასის ზრდა განაპირობა საკვები ინგრედიენტების ფასის ზრდამ. ძირითადად. ამას დამატებული ხელფასების ზრდამ, რადგან კადრების მოძიება უკვე თითქმის შეუძლებელია, ამიტომ გვიწევს ხელფასების გაზრდა, რაც თვითღირებულებაზე აისახება. არ ვიცი, ეს რიტეილერებთან უკვე რამდენად აისახა, თუმცა ფასი 1 იანვრიდან გავზარდეთ”, – აღნიშნა მან Bm.ge-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, თუ წელს სხვა მნიშვნელოვანი გარემოება არ შეიქმნა, არსებული კვერცხის ფასი შენარჩუნდება მთელი წლის განმავლობაში.

“თუ კატასტროფა არ მოხდა, წელს ფასის კიდევ კორექტირებას არ ვგეგმავთ, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა. საკვები პროდუქტები უცხოეთიდან შემოგვაქვს. სიმინდის და ხორბლის მარაგის 30-35% ვიყიდეთ ქართული, დანარჩენი იყო უცხოური. როგორც იცით ქართული ხორბალი და სიმინდი არ იბეგრება, სამაგიეროდ კვერცხი იბეგრება. ამიტომ ჩვენთვის უპირატესობა ქართულის შეძენას არ აქვს”, – აღნიშნა “კოდას” გენდირექტორმა.