საქსტატი მოსახლეობის აღწერის საბოლოო შედეგებს ორ ეტაპად გამოაქვეყნებს
2024 წლის მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის აღწერის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება ორ ეტაპად იგეგმება.
როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. ხოლო, ივნისში ხელმისაწვდომი გახდება დეტალური ინფორმაცია მოსახლეობის ეროვნების, აღმსარებლობის, განათლების, დასაქმებისა, საბინაო პირობებისა და მიგრაციის შესახებ.
ამავე პერიოდში გასაჯაროვდება სოფლის მეურნეობის აღწერის მონაცემებიც, რაც მოიცავს ინფორმაციას მიწის ფართობების, ვაზის ჯიშების, პირუტყვის სულადობისა და სხვა აგრარული პარამეტრების შესახებ.
„პირველად ჩვენი აღწერის ისტორიაში, დიგიტალიზაციის პროცესი იყო ასპროცენტიანი, ჩვენ მონაცემები არ შეგვიგროვებია ქაღალდის კითხვარის მეშვეობით. პროცესი იყო ორეტაპიანი: პირველ ეტაპზე განხორციელდა თვითრეგისტრაცია მოსახლეობის მიერ და შემდგომში უკვე ჩვენმა ინტერვიუერებმა პლანშეტების გამოყენებით ჩაატარეს კარდაკარ აღწერა“, – ამბობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი.
მისივე განმარტებით, მონაცემების სიზუსტის გადასამოწმებლად ადმინისტრაციული წყაროებიც გამოიყენეს, რაც უზრუნველყოფს შედეგების მაქსიმალურ სანდოობას.
„დარწმუნებულები ვართ, რომ მონაცემები წარმოადგენს 100%-იან სიზუსტეს“ – ამბობს პაატა შავიშვილი.
მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. 2025 წლის ივნისის ბოლოს წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 მილიონ 914 ათასი შეადგინა.

