ყვარლის ევროკლუბი გამოძიების დაწყებას ითხოვს
ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელი, ნიკა გურინი გუშინ მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
გუშინ, ყვარელში, ევრო-ატლანტიკურ ცენტრში, ლევან ბერძენიშვილის ლექციის გაუქმება მოუწია. როგორც ნიკა გურინი განმარტავს, ადგილზე სხვადასხვა რაიონიდან „ჩამოყვანილებმა“ პიკეტირება მოაწყეს და უსაფრთხოების მიზნთ, ლექცია გაუქმდა.
,,2023 წლის 15 იანვარს, ევროკლუბში დაგეგმილი ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია ‘ილია, ჩვენი ევროპელი მამა’ ჩაიშალა. ადგილზე კოორდინირებულად შეკრებილმა აგრესიულმა ჯგუფებმა გადაკეტეს ჩვენს სივრცემდე მოსასვლელი ყველა გზა და მოწვეული მომხსენებელი ადგილამდე არ მოუშვეს. ასევე, ისინი არ აძლევდნენ ლექციაზე დამსწრე მოქალაქეებს სივრცემდე მოსვლის შესაძლებლობას და მათთან სიტყვიერ დაპირისპირებაში შედიოდნენ. გზის ჩაკეტვის, სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და მუქარის ფონზე, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით დაგეგმილი ლექცია ჩაიშალა. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ორგანიზაციის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე. ჩვენი მხრივ მზად ვართ გამოძიებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია მომხდარზე და ასევე გადავცეთ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები”, – წერს ნიკა გურინი.