ახალი გაჩერებები, საინფორმაციო ეკრანები, კონტროლიორები- რა სიახლეების დანერგვას გეგმავს თელავის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობისთვის
ახალი გაჩერებები, საინფორმაციო ეკრანები, კონტროლიორები- თელავის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული მუშაობისთვის, სიახლეების დანერგვას გეგმავს. მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მგზავრობის გადასახადის ამოქმედება გადაიდო, რადგან სამუშაოები, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე პროგრამული, დროში გაიწელა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალი გაჩერებების და საინფორმაციო ელექტრონული დაფების მონტაჟი და კონტროლიორების გადამზადების პროცესი.
,, ამჟამად მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოძრაობს, ჩვენ წლის განმავლობაში დავიწყეთ ამაზე მუშაობა, რომ შეგვეძინა გადახდის სისტემები, ვითანამშრომლეთ რამოდენიმე ბანკთან და ბოლოს შეირჩა თიბისი, რომელთან ერთადაც ვახორციელებთ ამ პროექტს. ქალაქში მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება მოსაცდელების მოწყობა, მისი ადგილების შერჩევა შესაბამის სამსახურებთან ერთად, მოეწყობა შედარებით თანამედროვე და კეთილმოწყობილი გაჩერებები, სადაც დამონტაჟდება საინფორმაციო დაფები. დაფების რაოდენობა იქნება დახლოებით 10-დან 15 ერთეულამდე. ესენი საკმაოდ ძვირია და სჭირდება პროგრამული უზრუნველყოფა. ასევე ტრანსპორტის ააიპ-ში მოეწყო ე.წ. სადისპეჩერო, სადაც მიმდინარეობს თანამშრომლების გადამზადება და შერჩევა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც აღრიცხავს ტრანსპორტის გადაადგილებას, დაგვიანებას, ადრე მისვლას, ნაკადის რეგულირებას. ამავე სამსახურში ხდება ასევე კონტროლიორების შერჩევა. უკვე გამოცხადებული გვაქვს ვაკანსიები. დაახლოებით 8-10 კონტროლიორი იქნება თავდაპირველად შერჩეული, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე 10 ერთეული ავტობუსი გვყავს, შესაბამისად, რამდენიც გვჭირდება თანამშრომელი, იმდენს ავიყვანთ”,– განუცხადა knews.ge-ს ლევან ანდრიაშვილმა.
მისივე განმარტებით, ქალაქის ტერიტორიაზე დაგეგმილია 18 ახალი გაჩერების და მოსაცდელების მოწყობაც, რომელიც თანამედროვე სტანდარტების იქნება.
,, ცენტრალურ გზებზე მოეწყობა დაახლოებით 18 ახალი გაჩერება და ვფიქრობ, ეს ზოგადად ქალაქისთვის და ამ მიმართულების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მოქალაქემ იცოდეს სად უნდა გაჩერდეს ავტობუსი, ჰქონდეს საინფორმაციო დაფა და კარგი მოსაცდელი. ამ ყველაფერს ალბათ თებერვლის ბოლომდე დავასრულებთ. ყველაზე დიდი დრო წაიღო პროგრამული უზრუნველყოფის შეთანხმებამ. ეს არ არის მარტივი პროცესი. ჩვენ დაანონსებული გვქონდა რომ 16 იანვრიდან ავტობუსები ფასიანი გახდებოდა, მაგრამ სამუშაო პროცესში, ტექნიკურმა მხარემ, პროგრამულმა უზრუნველყოფამ და სხვა ფაქტორებმა, გაუთვალისწინებელი პრობლემები შეგვიქმნა და ამიტომ ვადას გადავწევთ. ჩვენ არ გვინდა მოსახლეობას შევთავაზოთ ისეთი სერვისი, რომელიც ბოლომდე არ იქნება დახვეწილი”,- აცხადებს ლევან ანდრიაშვილი.
რაც შეეხება მგზავრობის გადასახადს და გადახდის ფორმას, ლევან ანდრიაშვილის თქმით, ამაზეც მიდის აქტიური მსჯელობა. მისივე განმარტებით, არ არის გამორიცხული მგზავრობისთვის დაწესებული თანხა გადაიხედოს და შემცირდეს მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
,,მგზავრობის გადასახადს რაც შეეხება, ორი სხვადასხვა ფასი იქნება მოცემული : ერთი სტანდარტული და ერთი საშეღავათო. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ შესაძლებელია თანხაზე კიდევ ვიმსჯელოთ და მოსახლეობას მეტად გვერდში დავუდგეთ, რომ კიდევ უფრო ადეკვატური ფასი შევთავაზოთ. ჩვენ კი მივიღეთ ტარიფები, მაგრამ ეს საკითხი მაინც განხილვის საგნად რჩება და მიდის მსჯელობა, რომ მოსახლეობის პოზიცია და სურვილი მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ამ დროისთვის ჯერ სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს პროგრამული უზრუნველყოფის გამოცდა. ამჟამად უკვე ჩაშვებულია ბარათით გადახდის შესაძლებლობა, მაგრამ ამ ყველაფერს ჯერ შიდა მოხმარებისთვის ვაკეთებთ. გვინდა ვნახოთ როგორ ისახება თანხები, როგორ ხდება გადარიცხვა და როგორც კი დავასრულებთ ამ პროცესს, ამ პროდუქტს მივაწვდით მოსახლეობას.
იმ ადამიანებთან, ვინც უნდა ისარგებლოს შეღავათებით, თითქმის ყველასთან დარეკილია. ჩვენ დეკემბრის თვის დასაწყისიდან დავიწყეთ შეტყობინებების გაგზავნა და დარეკვა, რომ მოქალაქეებმა მიაკითხონ სოფლებშის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმოამდგენლებს, ან მოვიდნენ მერიაში და აქ აიღონ ბარათები. ამჟამად მიმდინარეობს ბარათების დახარისხება, რომ მაგალითად ვისაც ეკუთვნის საშეღავათო ბარათი მან აიღოს და ისარგებლოს.
ეს ბარათებიც, როგორც ყველა სხვა, იქნება ფასიანი. მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ თანხა ჩარიცხოს და მაგით გადაიხადოს გადასახადი. მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ ბარათით იქნება შესაძლებელი. ბარათების მიწოდებაც ცოტა გაჭიანურდა, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი რატომ ვერ იწყება ფასის ამოქმედება 16 იანვრიდან. როცა ბარათები ყველაზე იქნება განაწილებული, პირველ რიგში შეღავათებით ვინც სარგებლობს მათზე, როცა პროგრამა სრულად გაიმართება, მოეწყობა გაჩერებები, ელექტრონული ეკრანები, მას შემდეგ ჩვენ დროს კიდევ გადავწევთ და ორი ან სამი კვირით ადრე, მოსახლეობას შევატყობინებთ კონკრეტულ თარიღს, საიდან გახდება ფასიანი ტრანსპორტი.”