კონკურენციის სააგენტო თხილის ბაზარის მონიტორინგს იწყებს
კონკურენციის ეროვნული სააგენტო თხილის ბაზრის მონიტორინგს უახლოეს მომავალში დაიწყებს.
ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ თქვა.
„კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში ფერმერთა გაერთიანების მხრიდან შემოსული იყო განცხადება, რომელიც ეხებოდა მოკვლევის დაწყებას თხილის ბაზრის მიმართულებით. ამ განაცხადში არ იყო წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები კონკურენციის კანონის რომელიმე კონკრეტული მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, თუმცა საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ შეიძლება მონიტორინგის პროცესი დავიწყოთ. უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ მონიტორინგის დაწყების შესახებ, რაც უკავშირდება სეზონზე თხილის ფასის ცვლილებას და შესაძლო შეთანხმების შედეგად, ფასების კლებას. ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება 2023 წელს“, – თქვა ლექვინაძემ „მთავარის“ პრესკლუბში.