Human Rights Watch – კანონმდებლობის ბოლოდროინდელი გაუმჯობესების მიუხედავად, შრომის სამართლიანი პირობების უზრუნველყოფა საქართველოში შეშფოთების საგნად რჩება
შრომის სამართლიანი პირობების უზრუნველყოფა საქართველოში შეშფოთების საგნად რჩება – პრობლემაა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაც,- ამის შესახებ Human Rights Watch-ის მიერ საქართველოში 2022 წელს განვითარებული მოვლენების შეფასების თაობაზე ანგარიშშია აღნიშნული.
ამასთან, როგორც შეფასებაში ვკითხულობთ, ხელფასების დაურეგულირებლობა მშრომელებს ექსპლუატაციისაგან დაუცველს ხდის, „მოპარული ხელფასი კი განსაკუთრებით პრობლემურია ჯანდაცვის მუშაკებისთვის“.
„კანონმდებლობის ბოლოდროინდელი გაუმჯობესების მიუხედავად, შრომის სამართლიანი პირობების უზრუნველყოფა საქართველოში შეშფოთების საგნად რჩება. ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირება სუსტია, სოციალური დაცვა მინიმალური, პროფკავშირებს არა აქვთ იურიდიული გარანტიები, რაც მათ სისტემურ ცვლილებებზე ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმართვის შესაძლებლობას მისცემდა, ხოლო „შრომის ინსპექციის“ ეფექტიანობას რესურსების სიმცირე აფერხებს.
ხელფასების დაურეგულირებლობა მშრომელებს ექსპლუატაციისაგან დაუცველს ხდის. მინიმალური თვიური ხელფასი, რომელიც 20 ლარია (დაახლოებით 7 აშშ დოლარი), 12-ჯერ ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და 1999 წლის შემდეგ არ გადასინჯულა. დაბალ ხელფასებს ამძიმებს შრომითი კულტურაც, რომელიც ხელფასის მოპარვას ნორმად აქცევს. პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „საქართველოს ღირსეული შრომის პლატფორმის“ ანგარიშის თანახმად, მშრომელთა 88% ერთი ფორმის ხელფასის მოპარვის მსხვერპლი მაინც გამხდარა.
მოპარული ხელფასი განსაკუთრებით პრობლემურია ჯანდაცვის მუშაკებისთვის, რომლებიც ისედაც გადაღლილები არიან კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ზეგანაკვეთური მუშაობით. 2022 წელს შრომის ინსპექციამ აღმოაჩინა, რომ 86-მა კერძო კლინიკამ, რომლებმაც სახელმწიფოსგან სპეციალური დაფინანსება მიიღო ექთნების ხელფასების დანამატისთვის, ეს თანხები სხვა მიზნებით გამოიყენა. დადებითი ცვლილებაა ის, რომ მთავრობამ საჯარო კლინიკებში ექთნების მინიმალური ხელფასი გაზარდა.
პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. „შრომის ინსპექციის“ მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 23 ადამიანი დაიღუპა და 230 დაშავდა სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად“,- ნათქვამია ანგარიშში.