თელავში მოსახლეობას ბუნებრივ აირზე გაზრდილი გადასახადი დაერიცხა
თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს, წინა თვეებისგან განსხვავებით, იანვრის პირველ რიცხვებში ბუნებრივი აირზე რამდენიმე ათეული ლარით მეტი დავალიანება დაერიცხათ.
მოქალაქეები Knews.ge–სთან თითქმის გაორმაგებული გადასახადის დარიცხვის მიზეზად დაბალი ხარისხის ბუნებრივი აირს ასახელებენ.
,,გამათბობელი ბოლომდე მაქვს აწეული და მაინც ვერ ვთბებით. რამდენიმე ოთახი გვაქვს და ყველა ოთახში ხომ ვერ დავაყენებთ გამათბობელს? დიდ ოთახსაც არ ათბობს ნორმალურად. გასულ წელს 90-100 ლარზე მეტი არ გადამიხდია, ახლა 150 ლარამდე მოგვივიდა გადასახადი. ვინ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა? დეკემბერში მაღალი ყინვაც არ ყოფილა და წარმომიდგენია ამ თვის ბოლოს რამდენი გადასახადი მოვა. ძალიან ბევრს მიუვიდა გაზრდილი თანხები“, – განაცხადა ქეთი ჩალაძემ.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის აპარატის კახეთის ბიუროს წარმომადგენელი სოფია აივაზაშვილი გაორმაგებული გადასახადის დარიცხვის რამდენიმე მიზეზზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს არ არის ახალი საკითხი და ყოველ წელს აქტუალურია.
,,მოქალაქეები ამ პრობლემას ეჯახებიან იანვრის პირველ რიცხვებში, როდესაც აღებულია დეკემბრის თვის ხარჯი. კომპანია ვალდებულია ჩვენება აიღოს ყოველ 30-ე დღეს. აბონენტებისთვის, რომლებიც ამ პრობლემით მოდიან ჩვენთან, ვიწყებთ საქმის წარმოებას, განცხადების საფუძველზე. ხან ჩვენება აღებულია 29-ე, 33–ე დღეს, შესაბამისად, ხარჯიც იზრდება. მთავარი პირობაა, რომ მოქალაქემ მოგვაკითხოს, მოგვმართოს. ჩვენ ზოგადად ვერ ვისაუბრებთ, უნდა დავიწყოთ ინდივიადუალური საქმის წარმოება. თუ მოქალაქეს მიაჩნია, რომ სამომხმარებლო გაზისთვის არის დაბალი წნევა, შეუძლიათ დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე. ეს არის აპრობირებული მეთოდი, და, შეუძლიათ ჩვენთანაც დარეკონ, მონაცემებს მივაწვდით კომპანიას“.
ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, უწყებისთვის მოქალაქეების მიერ მისთვის ხმის მიწვდა მარტივად არის შესაძლებელი. მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში უწყებამ დანერგა მარტივი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ. მოქალაქეთა მიმართვიანობა ძირითადად ეხება კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, რომელიც მომხმარებელთა ბარათებზე კვლავ არსებობს და მომსახურების ხარისხს.
,,განცხადება უნდა შეიცავდეს მისამართს, სახელს, გვარს, პირად ინფორმაციას და თუ რა საკითხი აქვს მოსაგვარებელი მოქალაქეს. მოწოდება შეუძლიათ როგორც მეილზე, კარგი ხარისხის ფოტოს ატვირთვით, ასევე პირდაპირ მესინჯერში მოგვაწოდონ და ჩვენგან მოითხოვონ დასტური რომ მივიღეთ. რეგიონში, ჩვენი სამსახური უკვე 7 წელია სრულიად უსასყიდლო ეხმარება საზოგადოებას. შეუძლიათ, მოგვმართონ ოფისში, ასევე ფეისბუქ გვერდზე, აქტიურად ფუნქციონირებს საიტიც www.pdci.ge, სადაც შეუძლიათ მოიძიონ სასურველი ინფორმაცია.
ვუზრუნველყოფთ ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მომხმარებელთა უფლებების დაცვას და წარმოვადგენთ ერთგვარ შუამავალ რგოლს მომხმარებელსა და ენერგო კომპანიებს შორის არსებული დავების განხილვაში. შესაბამისად, ეს 3 სექტორი ყველასთვის აქტუალურ თემას წარმოადგენს. ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და წყალმომარაგება – ამ სამ ძირითად საკითხზე ყველა მოქალაქეს შეუძლია მოგვმართოს და მიიღოს საჭირო დახმარება. ცხელი ხაზი: 032 242 01 90“.
ვრცლად ინფორმაცია იხილეთ გადაცემაში