საქართველოდან ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი შემცირებულია
2022 წლის 11 თვეში, საქართველომ ცოცხალი ცხვრებისა და თხების ექსპორტით 21 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ჯამში ქვეყნიდან 7 505 ტონა საქონლის რეალიზება მოხდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ცოცხალი ცხვრის ექსპორტი იანვარ-ნოემბერში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18.1%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ცხვრის რეალიზებით მიღებული შემოსავალი ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული იყო და 25.6 მლნ დოლარს შეადგენდა (8 157 ტონა).
აღსანიშნია, რომ საქართველოსთვის ცხვრის ძირითადი საექსპორტო ბაზრები არაბული ქვეყნებია. შედეგად გასული წლის 11 თვის პერიოდში საქონელი სულ 6 ქვეყანაში გავიდა. ესენია:
1. აზერბაიჯანი – 11.3 მლნ დოლარი, 4 913 ტონა;
2. საუდის არაბეთი – 5.6 მლნ დოლარი, 1 324 ტონა;
3. არაბთა გაერთიანებული საამიროები – 1.5 მლნ დოლარი, 358 ტონა;
4. ეგვიპტე – 1.2 მლნ დოლარი, 350 ტონა;
5. იორდანია – 1.1 მლნ დოლარი, 473 ტონა;
6. კატარი – 294 ათასი დოლარი, 85 ტონა.
გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით, ცხვრის რეალიზება საქართველომ მხოლოდ აზერბაიჯანში 109.6%-ით გაზარდა. ისეთ მთავარ საექსპორტო ბაზარზე როგორიც საუდის არაბეთია, საქონლის გატანა 69%-ით შემცირდა. 2021 წლის 11 თვეში მხოლოდ ამ მიმართულებიდან ცხვრის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 18.1 მლნ დოლარი იყო.
ცნობისთვის: გასული წლის ნოემბერში საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ცხვრის გადასარეკი ტრასების მოწყობის პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით მთავრობას კვლავ მიმართავდა. Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ის პრობლემას დეტალურად აღწერდა და ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს „სასწრაფო წესით“ დახმარებისკენ მოუწოდებდა.