სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები იზრდება
სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები იზრდება.
ამის შესახებ ოფიციალურ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. კერძოდ, უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 11 თვეში სამოხელეო დანაშაულის 533 რეგისტრირებული ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 27.58% ანუ 147 შემთხვევა გაიხსნა. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში კი ამ სახის დანაშაულის 529 ფაქტი აღირიცხა და მათგან 98, ანუ 18.53% გაიხსნა.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში გაიზარდა სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი სიყალბის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ქრთამის აღების ფაქტები, შესაბამისად, 101.89%-ით, 35.9%-ით, 3.75%-თა და 28%-ით.
კერძოდ, იანვარ-ნოემბერში სამსახურებრივი გულგრილობის -107, სამსახურებრივი სიყალბის – 53; ქრთამის აღების – 32 და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების – 83 შემთხვევა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ უწყების ოფიციალური სტატისტიკით, ყველა სხვა ტიპის დანაშაული შემცირებულია.
შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან 219 – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და 9 ქრთამის მიცემის შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ დარღვევებზე, სტატისტიკა წლიურად შესაბამისად, 22.06%-თა და 10%-ით არის შემცირებული.