1-ლი აპრილიდან ფინანსურ ორგანიზაციებს ახალი ვალდებულება უჩნდებათ
2022 წლის 1-ლი აპრილიდან მომხმარებელს რამდენიმე ფინანსური ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული საფინანსო პროდუქტის შედარება შეეძლება.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 6 იანვრის ბრძანებაშია აღნიშნული.
„საფინანსო პროდუქტების კომბინირებულად შეთავაზებისას, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს თითოეული საფინანსო პროდუქტის ფასის გამჭვირვალედ მითითება და მომხმარებლებისთვის სათანადო გამჟღავნება, რათა მომხმარებლისთვის შესაძლებელი იყოს მისთვის ერთი ან რამდენიმე ფინანსური ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული საფინანსო პროდუქტ(ებ)ის შედარება.
ფასის მითითება არ არის სავალდებულო ისეთი საფინანსო პროდუქტის შემთხვევაში, რომელსაც ფინანსური ორგანიზაცია მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ სხვა საფინანსო პროდუქტებთან კომბინაციაში და რომელიც მომხმარებლისთვის არ არის ხელმისაწვდომი როგორც დამოუკიდებელი საფინანსო პროდუქტი. ამ შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ ამგვარ საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებით, ამ პუნქტით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციასთან ერთად, მომხმარებელს სათანადოდ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საფინანსო პროდუქტი დამოუკიდებლად არ არის ხელმისაწვდომი,“- აღნიშნულია ბრძანებაში.
აღნიშნული მოთხოვნის შესრულება ფინანსურ ორგანიზაციებს 1-ლი აპრილიდან მოუწევთ.