ასოციაცია: 2022 წელს საქართველოში ტექინსპექტირება ავტომობილების ნახევარმა გაიარა
2022 წელს ტექინსპექტირება საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ნახევარმა გაიარა.
მეორე ნახევარი კი ტექინსპექტირებაზე არ მივიდა. ამის შესახებ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, გასულ წელს პირველადი ტექინსპექტირების დროს დაახლოებით 250 000 ავტომობილი დახარვეზდა, რაც ტექინსპექტირება გავლილი სატრანსპორტო საშუალებების 30%-ია.
„პიკური პერიოდი 2019 წელი იყო, როდესაც ტექინსპექტირების რეფორმა სრულმასშტაბიანად ამოქმედდა. მაშინ ტექინსპექტირება დაახლოებით 788 000-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, პანდემიურ 2020 წელს 550 000 სატრანსპორტო საშუალებაზე იყო საუბარი, 2021 წელს კი – 750 000 სატრანსპორტო საშუალებაზე. 2022 წლის მონაცემები ჯერ სრულად არ გვაქვს, თუმცა იგივე ნიშნულზე გავდივართ, რაც 2019 წელს იყო – დაახლოებით 790 000 სატრანსპორტო საშუალება. ეს რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ნახევარია, რადგან თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს დავეყრდნობით, ქვეყანაში 1 მლნ 500 ათასი სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული.
პირველადი ინსპექტირებისას ავტომობილების დაახლოებით 30% ხარვეზდება, საბოლოო ჯამში 790 000-დან, პირველად ინსპექტირებაზე 250 000 ავტომობილი დახარვეზდა“, – განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველი თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება. ვაჟა იორდანიშვილი იმედოვნებს, რომ ეს გარემოება პირველადი ინსპექტირებისას დახარვეზებული ავტომობილების რაოდენობას შეამცირებს.
„ვვარაუდობთ, რომ დახარვეზების მაჩვენებელი დაიკლებს, რადგან მძღოლები უფრო მეტი გულისყურით მოეკიდებიან, რომ პირველადი ინსპექტირებისას ავტომობილი ელემენტარულ პარამეტრებზე არ დახარვეზდეს“, – აღნიშნა „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ.
მისი თქმით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მძღოლებს ურჩევნიათ, ჯარიმა გადაიხადონ, ვიდრე გამართული ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.