სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაცვის პოლიციის უმცროსმა ინსპექტორმა, დანის გამოყენებით, ერთ პირს სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა. ახალგაზრდა მამაკაცს, 2023 წლის 2 იანვარს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად ყოფნისას, ასევე სტუმრად მყოფ პირთან შელაპარაკება მოუხდა და მუცლის არეში დანის დარტყმით სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.