იანვრიდან შშმ პირების და სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება
მიმდინარე წლიდან, ქვეყანაში პენსიებისა და სოციალური დახმარებების ოდენობა გაიზარდა.
70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 65 ლარით გაიზარდა და 365 ლარით განისაზღვრა. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი გახდა.
70 წლამდე პირთა პენსია გაიზარდა 35 ლარით და 295 ლარით განისაზღვრა, მაღალმთიან დასახლებებში კი 355 ლარს გაუტოლდა.
გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 35 ლარით.
მიმდინარე წლის ივნისიდან 150 ლარამდე იზრდება ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება.
2023 წლის ივლისიდან 50 ლარით იზრდება სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება და ერთ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამ მიზნით, გამოიყო დამატებით 65 მილიონ ლარზე მეტი.
ცვლილებებია ე.წ. დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულების განსაზღვრული დახმარება გაორმაგდება და 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრება.
ცნობისთვის, 2023 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 770 მლნ ლარით გაიზარდა, რომლის ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ პენსიების ზრდას მოიცავს.