ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

დომენიკ მანგო სოფელ კაბალში მცხოვრებ მარტოხელა მრავალშვილიან დედას, სახლის აშენებაში დაეხმარა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ 5 შვილის მარტოხელა დედას, 25 წლის აიშა ასკაროვას, დომენიკ მანგო სახლის აშენებაში დაეხმარა.

მარტოხელა დედა, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, უკიდურესად რთულ პირობებში, ქოხში ათევდა ღამეს. მათ არ ჰქონდათ გათბობა, ტანსაცმელი, სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და ბავშვებისთვის საკვების ყიდვის შესაძლებლობა. ოჯახი დახმარებას საზოგადოებას და შესაბამის სამსახურებს სთხოვდა.

მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელით აღნიშნული ოჯახის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ამ ამბით დომენიკ მანგო დაინტერესდა, რომელიც წლებია სოციალურად დაუცველებს ეხმარება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, მან ლაგოდეხში მცხოვრებ ოჯახს, საზოგადოების დახმარებით, საცხოვრებელი სახლი აუშენა.
დომენიკ მანგომ აიშას დახმარების თხოვნით საზოგადოებას გასული წლის ბოლოს მიმართა და თანხის შეგროვების კამპანია დაიწყო.

,,7 წლის განმავლობაში, აიშა პარკით გადახურულ კარავში ცხოვრობდა ორ შვილთან ერთად. სახლის ასაშენებლად ჰქონდა მცირე სამშენებლო მასალები, მაგრამ მუშებმა, რომლებიც მუშაობდნენ, რატომღაც ჩათვალეს, რომ ეს გოგო უპატრონოა, მშენებლობას თავი მიანებეს, არაფერი აღარ გააკეთეს. ჩვენ კი შევძელით, ერთობლივი მუშაობით, რომ პირველ ეტაპზე, ამ კარვის უკან ავაშენეთ 40 კვადრატი შენობა, მივიტანეთ სახურავის კონსტრუქციისთვის ხის მასალა, თუნუქი, ბლოკი, სამშენებლო მასალები. ვის სჭირდება დახმარება თუ არა ასეთ მარტოხელა დედას, რომელმაც ცხოვრების რთული გზა განვლო”,- აცხადებს დომენიკ მანგო.

სოციალურად დაუცველ ოჯახს, საზოგადოების დახმარებით, ახლა აქვს სახლი, რომელიც საცხოვრებელად ვარგისია. დომენიკ მანგოს თქმით, შენობა გადახურულია და გალესილი, თუმცა იმისთვის, რომ პატარებმა ნორმალურ პირობებში იცხოვრონ, გარკვეული სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.

,,ჩვენი თანადგომით, აიშას სახლი გადაიხურა, შიგნიდან გაილესა, დაისხა ბეტონის საფარიც. ერთ ოთახში უკვე შევიდნენ კიდეც საცხოვრებლად და, რაც მთავარია, თბილად არიან. მიუხედავად ამისა, სახლი დასასრულებელი გვაქვს, საჭიროა შიგნიდან კედლების გალესვა, იატაკის გაკეთება და სხვა. არცთუ ისე ბევრი თანხა გვჭირდება იმისთვის, რომ სამუშაოები დავასრულოთ. ყველა თქვენგანს მოგიწოდებთ დახმარებისკენ, ერთი ლარიც რომ იყოს, ესეც ბევრს ნიშნავს ახლა. რაც მთავარია, ეს სახლი შენდება 5 ბავშვისთვის”.

ოჯახის დასახმარებლად, თანხა გროვდებოდა ასევე ფონდი ფემინეს და ადგილობრივების მიერ. სამოქალაქო აქტივისტის, კაბლის თემში მცხოვრები ახალგაზრდის, ფერი ისმაილოვას თქმით, ახალგაზრდა გოგონამ ცხოვრების რთული გზა განვლო. მისი ქმარი ოჯახში ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული. სწორედ ფერის მიერ გავრცელებული ფოტოების შემდეგ გაიგო საზოგადოებამ ოჯახის მძიმე მდგომარეობის შესახებ.

,,აიშას ჰყავს 5 შვილი, ერთი ბავშვი არის აუტიზმის მქონე. უფროსი შვილი არის 10 წლის, მისი 3 შვილი კი ბავშვთა სახლშია. აიშას ქმარი, ოჯახში ძალადობის გამო პოლიციელებმა დააკავეს და ციხეშია. აიშას 3 შვილის უკან დაბრუნება უნდა მაგრამ შემოსავალი არ აქვს, რომ არჩინოს ბავშვები. გარდა ამისა, ის თავის მცირეწლოვან ორ ბავშვთან ერთად სეზონურ სამუშაობზე დადიოდა. ნებისმიერი სახის დახმარება მათთვის მნიშვნელოვანია”,– წერს სოციალურ ქსელში ფერი.

ოჯახის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა დარიცხონ მითითებულ ანგარიშზე:
ანგარიშის ნომერი:
#GE47BG0000000538375184
მიმღები: კუკური ბარამიძე
საქართველოს ბანკი
ანაბარი: აიშა
PayPal.me/domenicmango

 

ნახეთ ამავე საკითხზე მომზადებული მასალა:

სოფელ კაბალში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს დახმარება ესაჭიროება