ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკები იკრძალება
ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკები ხმარებაში აღარ იქნება. აღნიშნულ ცვლილებას N571-ე დადგენილება ითვალისწინებს. გასული წლის 14 დეკემბერს, კანონში შესული ცვლილებებით, ერთ მეტრამდე უნდა გაიზარდოს პოლიეთილენის ჩანთის ზომაც.
კომპანია “აა პლასტის” იურისტის მელიტა ტყაბლაძის თქმით, სავარაუდოა, რომ ცვლილების შედეგად ასაწონი პარკის საფასურის გადახდაც მომხმარებელს მოუწევს, რადგან პოლიეთილენთან შედარებით ბიოპარკის ფასი მინიმუმ 3-ჯერ ძვირია.
„ყველა ახალი დადგენილება, ინიციატივა, როცა ეს დროში სწორად არ არის გაწერილი და სწრაფი ინტერვალებით ხორციელდება, მეწარმეს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს. ზოგისთვის იწვევს გართულებას, ჩამოშლას, დახურვას და საბოლოოდ, ვიღებთ გაძვირებულ პროდუქტს. ბოლო ახალი დადგენილება ეხება შემდეგს – ყველა შესაფუთ პროდუქტზე უნდა იყოს ნიშანდება, ეს მხარეებს შორის ინდივიდუალური მოლაპარაკებისა და გარიგების საფუძველზე მოხდება.
მეორეა, რომ თუ დღემდე მარკეტებში ასაწონ თუ შესაფუთ პროდუქციაზე გამოიყენება პოლიეთილენის პარკი, ესეც ხმარებიდან ეტაპობრივად ამოდის. აღნიშნული პროდუქტი, რომელიც განთავსებულია შესაბამის დასაფასოებელ პუნქტებთან, ბიოთი უნდა ჩანაცვლდეს. ბოლო რედაქციით, ეს რეგულაცია ძალაში მიმდინარე წლის 2 იანვრიდან შედის. ასევე ცვლილებები ეხება პოლიეთილენის ჩანთის ზომას, თუ აქამდე იყო 45 /75-მდე ზომებში, ის იზრდება ერთ მეტრამდე. ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ხმარებიდან უნდა ამოვიდეს ეს ჩანთებიც”, – განაცხადა ტყაბლაძემ.
კითხვაზე – გახდება თუ არა ფასიანი ასაწონად განკუთვნილი პარკები, მან თქვა, რომ ეს თავად ობიექტზე იქნება დამოკიდებული.
“ვერ წარმომიდგენია, რომ ობიექტებმა პარკები უფასოდ მიაწოდონ მომხმარებელს, რადგან თუკი დღეს მისი ღირებულება პირობითად 1,5 თეთრია, ალბათ 3,5 – 4 თეთრამდე გაიზრდება. ეს არ ნიშნავს, რომ მწარმოებლებს ეზრდებათ მადა, ეს გამოიწვია ყველა იმ ახალმა რეგულაციამ, რაც მწარმოებლებისთვის იქნა მიღებული. რაც უფრო მეტ წარმოების ციკლს გადის პროდუქცია დანადგარიდან ქსელამდე, ცხადია, ეს ფასზე ახდენს გავლენას.
ამასთან, რამდენი კანონიც არ უნდა იქნას მიღებული, თუ წარმოების პროცესიდან ბოლომდე არ მოხდა კონტროლი, რთულია კანონის წარმატებაზე საუბარი. დღემდე თითქმის ყველა რგოლში მონიტორინგის პრობლემაა. ვრჩებით რამდენიმე კომპანია, რომელიც ასრულებს ყველა ვალდებულებას, მაგრამ არიან მთელი რიგი მეწარმეები, რომლებიც არ მიჰყვებიან და იციან, რომ მაინც მოგებას იღებენ, რადგან მონიტორინგში სადღაც წყვეტაა”,- განაცხადა ტყაბლაძემ.