პარლამენტმა „ადგილობრივ თვითმმართველობის“ კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა
პარლამენტმა “ადგილობრივ თვითმმართველობის“ კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან სამ თვეში ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, პასუხისმგებლობა მხოლოდ საკრებულოს დაეკისრება, მერს კი ვადაზე ადრე უფლებამოსილება აღარ შეუწყდება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 81-ხმით მიიღეს. ექვსმა დეპუტატმა პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ამასთან, კანონის პროექტი განხილვის პროცესში გადამუშავდა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის კახა კახიშვილის შეფასებით, საბოლოო მოდელი კომპრომისულია.
ჯერ კიდევ მოქმედი კანონით სამი თვის მანძილზე მერსა და საკრებულოს შორის შეუთანხმებლობის და ბიუჯეტის ვერდამტკიცების გამო, ვადაზე ადრე მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება. ამასთან, იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მერის და საკრებულოს უფლებამოსილება ვადაზე ადრე ჩერდება, საქართველოს მთავრობა დროებით რწმუნებულს ნიშნავს. დროებითი რწმუნებულის წარდგინებით კი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს საქართველოს მთავრობა ამტკიცებს.
კახიშვილის თქმით, აღნიშნული მიდგომა თვითმმართველობის საქმიანობაში უხეში ჩარევის ელემენტს შეიცავს.
„ამიტომ კანონპროექტის მეორე მოსმენამდე კომპრომისული მოდელი მოვამზადეთ. კერძოდ, ვინაიდან ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში უფლებრივი ძალაუფლების უფრო დიდი ნაწილი საკრებულოზე მოდის, რომელსაც მერის ჩართულობის გარეშე თავად შეუძლია მოამზადოს და დაამტკიცოს ბიუჯეტი, თუ ამასაც ვერ ახერხებს, გამოდის, რომ საკრებულომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ამასთანავე, ჩვენ მიერ მომზადებული ცვლილებებით – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს მთავრობა აღარ დაამტკიცებს და მის საქმიანობაში აღარ ჩაერევა. მერი საკრებულოს არჩევნებამდე გააგრძელებს უფლებამოსილების შესრულებას, წინა წლის ბიუჯეტის ასიგნებების 1/12-ის ხარჯვით. შესაბამისად, მერიც უფრო მეტად პასუხისმგებელი იქნება აქტიურად ჩაერთოს საკრებულოსთან კონსულტაციებში და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამტკიცდეს“, – განმარტავს კახა კახიშვილი.
რაც შეეხება საკრებულოს საქმიანობას, პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებების თანახმად, საკრებულოს წევრები დროებით შემსრულებლებად რჩებიან და მათი უფლებამოსილება ახალი საკრებულოს პირველი სხდომის შეკრებისას შეწყდება.
ამავე პროექტით განისაზღვა, რომ მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 6 თვე მაინც.